ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პაციენტები ამომრჩევლის მაქსიმუმ ნახევარ პროცენტს შეადგენენ და მათი ხმების გაყალბება არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის შტაბში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"თქვენ წარმოიდგინეთ, პარტიამ მიიღოს ზომები იმისათვის, რომ ნახევარ პროცენტში რაღაცა იმაიმუნოს და რაღაც გააყალბოს. ეს არის სრული აბსურდი. ყველაფერში ცდილობენ რაღაცების მოძებნას, სადაც არ არის მათ შორის იქაც. საუბარია ამომრჩევლის ნახევარ პროცენტზე მაქსიმუმ და ეს გავლენას ვერანაირი ფორმით ვერ მოახდენს. ოპოზიციური პარტიები თვითონ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, სადაც განიხილოებოდა ეს წესი და შეეძლოთ თავისი რაციონალური აზრი დაეფიქსირებინათ", — განაცხადა კობახიძემ.

ცესკოს დადგენილებით, კორონავირუსით ინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფებს, სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. მათ სპეციალური ჯგუფები მობილური ყუთებით მოემსახურებიან.

ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა, ოპოზიციის შეფასებას. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხმის მიცემის ამ ფორმით, ქართული ოცნება ხმების გაყალბებას შეეცდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.