მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია. მიზეზად პარტიაში იმას ასახელებენ, რომ მას ინფიცირებულ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ჰქონდა კონტაქტი.

"მდინარაძე არის იზოლაციაში იმიტომ, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან. სხვას უშუალო კონტაქტი ამ დეპუტატებთან არ უფიქსირდება, აქედან გამომდინარე იზოლაციაში არის გადასული მხოლოდ მამუკა მდინარაძე", — განაცხადა "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

მომხდარზე დაპოსტა მდინარაძემაც. მისი თქმით, წილოსანთან სამი დღის წინ ჰქონდა კონტაქტი.

"მე და ნინო წილოსანი (რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი), სამი დღის წინ, 15-20 წუთით შევხვდით ერთმანეთს ჩვენ საერთო მეგობართან, რის გამოც გადავედი თვითიზოლაციაში და სახლიდან ვაგრძელებ მუშაობას, - არანაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა", — წერს ის.

იმის ფონზე, როცა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ, მმართველ გუნდმა ამ პრაქტიკას არ მიმართა. გუშინ, 19 ოქტომბერს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს — რატომ არ გადავიდნენ თვითიზოლაციაში მთავრობის ის წევრები, რომლებიც იმყოფებოდნენ გურიაში, მაშინ, როცა იქ მყოფ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს პირდაპირ არ უთქვამს, რატომ არ არის იგი თვითიზოლაციაში, მან მიანიშნა, გამომდინარე იქიდან, ის "სხვებისგან განსხვავებით" წესებს იცავს და არ იხსნის პირბადეს, დაინფიცირების რისკი, კონტაქტის მიუხედავად, მინიმალური იყო.

იგივე კითხვა გახარიას მეორედ დაუსვეს. ამჯერად, პრემიერმინისტრმა განაცხადა, მათი კამპანიის ფარგლებში ყველას ეკეთა პირბადე, მათ შორის, ნინო წილოსანსაც. ამიტომ, გახარიას განმარტებით, მათი დაცულობის ხარისხი "ძალზედ მაღალია" და იგი მხოლოდ ტესტის გაკეთებით შემოიფარგლა.