ბევრს ჰგონია, რომ ტანსაცმელს "გენდერი" აქვს. ჩვენს საზოგადოებას ის იდეა აქვს აკვიატებული, თითქოს ზოგი რამის ჩაცმა ქალისთვის ან კაცისთვისაა შესაფერისი, ზოგის კი — არა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში არსებობენ ღიად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც ის აცვიათ, რაც სურთ, თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ თავს და სტერეოტიპებს უგულებელყოფენ.

ასეთი ადამიანია ამერიკელი მარკ ბრაიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ დროა, გენდერული სტერეოტიპები მოვიშოროთ, განსაკუთრებით ჩაცმულობაში. ის ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და რობოტების ინჟინერია. ყოველდღიურობაში ის ისეთივეა, როგორც სხვები, ოღონდ ერთი გამონაკლისით — ის მუდმივად ებრძვის გენდერულ სტერეოტიპებს. სამსახურში თუ ქალაქში გასვლისას მარკს თითქმის ყოველთვის აცვია მოკლე კაბა და მაღალი ქუსლები, ხშირად სახლშიც. და, მოდი, ვაღიაროთ, რომ ის მათში ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება:

ფოტო: markbryan911 / Instagram

ფოტო: markbryan911 / Instagram

"ასე იმიტომ ვიცვამ, რომ შემიძლია. უბრალოდ, განსხვავებული რომ ვიყო. ყოველთვის ძალიან ვაფასებდი ქალებს, რომლებსაც ვიწრო მოკლე კაბები და ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ. არა სექსუალურად, არამედ იმ ძალაუფლების თვალსაზრისით, რომელსაც ისინი გამოხატავდნენ. ასე იმიტომ კი არ მაცვია, რომ სექსუალური ვიყო, არამედ იმიტომ, რომ ისე მეცვას, როგორც ნებისმიერ პროფესიონალ ქალს. ჩემთვის ტანსაცმელს გენდერი არ აქვს. კაბებს მოკლე კაბები მირჩევნია, რადგან კაბები გენდერების შერევის შესაძლებლობას არ მაძლევს. წელს ზემოთ 'მამაკაცური' შესახედაობა მირჩევნია, წელს ქვემოთ კი — არაგენდერული. ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ტანსაცმელს გენდერი არ აქვს", — განაცხადა მარკმა Bored Panda-სთან საუბრისას.

ფოტო: markbryan911 / Instagram

ფოტო: markbryan911 / Instagram

Bored Panda-მ მარკს ჰკითხა, რამ შთააგონა მას ქუსლიანი ფეხსაცმლისა და მოკლე კაბების ჩაცმა:

"მოდურმა არჩევანმა. კაცების შარვლებში მხოლოდ რამდენიმე ფერის არჩევანი გაქვს: შავი, ნაცრისფერი, ლურჯი და ყავისფერი, თანაც არავითარი ნახატებით. მოკლე კაბების შემთხვევაში ამას ემატება წითელი, მწვანე, ცისფერი; ყვავილების ნახატები, ცხოველების ნახატები და ა.შ. იგივე სიტუაციაა ფეხსაცმლის შემთხვევაში, სადაც კიდევ უფრო მეტი სტილი და სხვადასხვანაირი ქუსლია. გარდა ამისა, კარგ ამინდში შეგიძლია ღია ფეხსაცმელი ჩაიცვა".

ფოტო: markbryan911 / Instagram

ფოტო: markbryan911 / Instagram

მარკი უკვე 11 წელია, დაოჯახებულია და ბედნიერია თავის ცოლთან ერთად, რომელიც მას მთელი გულით უჭერს მხარეს: "ჩემი ცოლი ხშირად მირჩევს ხოლმე, რა ჩავიცვა, ჩემს გოგონას კი ზოგჯერ ჩემი ფეხსაცმლების თხოვება უნდა".

მარკმა ისიც აღწერა, თუ როგორ რეაგირებს ხალხი მასზე. მისი თქმით, დაახლოებით 30-40 წლის ქალები მას კომპლიმენტებს ეუბნებიან. კაცები რამე კომენტარს აკეთებენ ან კითხვას უსვამენ, თუმცა, როგორც წესი, მის გარეგნობაზე კომპლიმენტებს არ ამბობენ.

"ავიღოთ, მაგალითად, ღია მწვანე ფერის თმის მქონე ადამიანი. მწვანე თმა ჩვეულებრივი რამ არ არის. შეხედავ, დაინახავ; შენი ტვინი მას აღიქვამს, როგორც მწვანეთმიან ადამიანს, და ფიქრობ, რომ ეს უცნაური ან საინტერესოა, შემდეგ კი უბრუნდები საქმეებს და ამაზე ფიქრს აღარ აგრძელებ. მგონია, რომ იგივე ხდება, როცა ხალხი მოკლე კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელში მხედავს", — ამბობს მარკი.

ფოტო: markbryan911 / Instagram

"საკმარისად დიდი ვარ, რომ მახსოვდეს, რომ გოგოებს სკოლაში შარვლის ჩაცმა არ შეეძლოთ. შარვალი ახლა არაგენდერული სამოსია. ჰოდა, რატომ არ შეიძლება, მოკლე კაბები და ქუსლიანი ფეხსაცმელიც გათავისუფლდეს გენდერისგან?", — აცხადებს მარკი.

მისი თქმით, კაცებს ქუსლიანი ფეხსაცმლები ქალებზე ადრე ეცვათ — მართალია, არა დღევანდელი სტილეტოს სტილის, მაგრამ კაცებს ნამდვილად ეცვათ ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებზე ადრე.

"ამას სექსუალურობის გამო არ ვაკეთებ. კაცს უნდა შეეძლოს მსგავსის სტილის მორგება ისე, რომ მას გეის ან ქვიარის იარლიყი არ მიაკერონ. კაცებისგან ყველაზე ხშირად ამ კომენტარს ვისმენ ხოლმე — მათ ჰგონიათ, რომ გეი ვარ, სანამ ჩემთან საუბარს დაიწყებენ. მე, უბრალოდ, ერთი რიგითი, ჩვეულებრივი, ჰეტეროსექსუალი და ბედნიერ ქორწინებაში მყოფი ტიპი ვარ. მიყვარს ლამაზი ქალები, პორშე და მხოლოდ ის მინდა, რომ მოკლე კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩემს ყოველდღიურ ჩაცმულობაში დავნერგო", — დაამატა მან.

ფოტო: markbryan911 / Instagram

ფოტო: markbryan911 / Instagram