დღევანდელი მეგალოდონების წინაპრებს 24 მილიონი წლის წინ სამხრეთ კაროლინას სანაპიროზე "საბავშვო ბაღი" ჰქონდათ მოწყობილი, სადაც პატარა მეგალოდონები იქამდე დაცურავდნენ, სანამ ღრმა წყლებში შეძლებდნენ გასვლას. ისინი მხოლოდ სანაპიროსთან ახლოს დაცურავდნენ, სადაც წყალში უხვად იყო ადვილად მოსაპოვებელი ნადავლი.

აქამდე მეცნიერებმა მხოლოდ ორი განამარხებული "საბავშვო ბაღის" შესახებ იცოდნენ: 10 მილიონი წლის წინანდელი მეგალოდონების სამყოფელი პანამაში და 5 მილიონი წლის წინანდელი "საბავშვო ბაღი" ჩილეში.

"გარდა იმისა, რომ სამხრეთ კაროლინას ნაპირებთან აღმოჩენილი სამყოფელი ჩვენთვის აქამდე ცნობილი მესამე "ბაღია" დედამიწაზე, იგი ასევე პირველი "ბაღია" Carcharocles angustidens-ის, ანუ ზვიგენის სახეობის, რომელიც ოლიგოცენში ცხოვრობდა (34მლნ-23მლნ წლები)", - ამბობს კვლევის თანამონაწილე - რობერტ ბოსენეკერი, რომელიც ჩარლსტონის კოლეჯში, მეის ბრაუნის სახელობის ბუნებისმცოდნეობის მუზეუმში მოღვაწეობს.

როდესაც ბოსენეკერმა და მისმა კოლეგებმა ბაღის ტერიტორიაზე მოპოვებულ მეგალოდონების კბილთაგან ერთ-ერთი შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ის ყველაზე დიდი ზომის Carcharocles angustidens-ის კბილი უნდა ყოფილიყო, რასაც აქამდე უარსებია. ეს კი იქიდან ვიცით, რომ არსებობს ფორმულა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ზვიგენის კბილის ზომებით დავადგინოთ მისი სხეულის სიგრძე. ეს კვლევა საბოლოოდ დაგვეხმარება იმის გაანალიზებაში, თუ რამდენად დიდი ზომები შეიძლებოდა ჰქონოდათ ამ მტაცებლებს.

აქამდე აღმოჩენილი ნიმუშების მიხედვით, ზვიგენების ამ სახეობის მაქსიმალურ სიგრძედ 8.47 მეტრი იყო მიჩნეული, რაც ახალ ზელანდიაში აღმოჩენილი ზვიგენების კბილების შესწავლის შედეგად დადგინდა.

"ჩვენ მიერ დათვლილი ანგუსტიდინების მაქსიმალური სიგრძე 8.85 მეტრია, რაც ოდნავ აღემატება ამ სახეობის აქამდე მიჩნეულ მაქსიმალურ სიგრძეს", - განმარტავს კვლევის თანამონაწილე ედისონ მილერი, გეოლოგიის ბაკალავრი ჩარლსტონის კოლეჯიდან.

შედარებისთვის, დღეს მობინადრე თეთრი ზვიგენები (Carcharodon carcharias) სიგრძეში 6 მეტრსაც აღწევენ, მაგრამ მათი უმეტესობა შედარებით მოკლე სიგრძით ხასიათდება, აღნიშნულია ჟურნალ Live Science-ში.

Carcharocles angustidens-ის "საბავშვო ბაღში" შეგროვებულ კბილებზე ჩატარებული კვლევა, რომელიც ჯერ არცერთ რეცენზირებულ ჟურნალში არ გამოქვეყნებულა, 13 ოქტომბერს წარადგინეს ხერხემლიანთა საზოგადოების პალეონტოლოგთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც პანდემიის გამო წელს ვირტუალურად ჩატარდა.

"ნიმუშების შესწავლა ჯერ ისევ მიმდინარეობს, თუმცა ის მოსაზრება, რომ ეს ადგილი შეიძლება მართლაც წარმოადგენდეს მეგალოდონების "საბავშვო ბაღს", მართლაც ამაღელვებელია", - განუცხადა Live Science-ს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორმა, კენშუ შიმადამ, რომელიც ამ კვლევას კონფერენციაზე გაეცნო.

თუ ამ აღმოჩენას მეტი სამხილით გავამყარებთ, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მეგალოდონები თავიანთი ადაპტაციური სტრატეგიებითა და ბიჰევიორიზმით 24 მილიონი წლის წინ უკვე ევოლუციის საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგნენ.

ფოტო: Science Alert

კბილების შეგროვება

თავდაპირველად, მეცნიერებმა ზვიგენის კბილები ჩენდლერის ხიდის ფორმაციაში, სამხრეთ კაროლინის ქალაქ სამერვილში აღმოაჩინეს. მთლიანად ჩენდლერისა და ეშლის ფორმაციებში მათ Carcharocles angustidens-ის 87 კბილი შეაგროვეს და ყველა მათგანი ოლიგოცენითაა დათარიღებული.

ადგილობრივი მოსახლეები ხშირად მოდიან ამ ადგილებში, აგროვებენ ზვიგენის ეშვებს და შემდეგ ყიდიან. ისინი ჩვეულებრივ ყველაზე დიდ ეშვებს სტაცებენ ხოლმე ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე უმეტესად პატარა ზვიგენების კბილები რჩება. ამან შეიძლება მეცნიერებში დაბნეულობა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, რადგან ფორმაციებიდან კბილები შეაგროვეს მკვლევრებმა და არა ცნობისმოყვარე მაცხოვრებლებმა, ისინი ოლიგოცენში ამ სანაპიროზე მობინადრე ზვიგენების ზომების აღდგენაში კარგად დაგვეხმარება.

კვლევისთვის მილერმა გააანალიზა კბილები ორი სხვადასხვა ფორმაციიდან. Carcharodon carcharias-ის ახალი მაქსიმალური სიგრძის დადგენით, მან შეძლო ახალშობილი ზვიგენების, ახალგაზრდებისა და მოზრდილების საშუალო სიგრძის გამოთვლა. შემდეგ, იმ ფორმულის გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა, კბილის ზომის გამოყენებით განისაზღვროს ზვიგენის სიგრძე, (ყველა კბილისთვის სხვადასხვა განტოლება არსებობს, რაც პირში მის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული), მან დაადგინა ზვიგენების შესაბამისი სხეულის სიგრძეები.

ფოტო: Science Alert

საბოლოოდ, მილერმა აღმოაჩინა, რომ 87 ნაპოვნი კბილიდან 3% ახალშობილებს ეკუთვნოდათ, 89% ახალგაზრდებს, 8% კი მოზრდილებს.

"მოპოვებული მასალების შესწავლის შედეგად დათვლილი საერთო სხეულის საშუალო სიგრძე იყო 4.8 მეტრი, რაც Carcharodon carcharias-ის სახეობის ახალგაზრდა წარმომადგენლებს უფრო შეეფერებათ", - წერს მილერი Live Science-ს.

სამხრეთ კაროლინას ოლიგოცენური ეპოქის წყლები ასევე ადვილად მოსაპოვებელი ნადავლის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. მათ მიეკუთვნება სარგანი, თინუსი, სკუმბრია, ზღვის კუები, დელფინები, ზღვის ძროხები და სხვა სახეობები, თქვა ბოსენეკერმა.

"გარდა ამისა, ამ ადგილას სავარაუდოდ მეჩხერი წყლები უნდა ყოფილიყო, რაც ბუნებრივი თავდაცვა იქნებოდა ზვიგენებისთვის, რომლებიც ჯერ არ იყვნენ მზად ღრმა წყლებში გაეცურათ", - ამბობს ის.