19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფურად ძალადობის ეპიზოდს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამი ბრალდებულის — არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანვ ჩიქოვანის საქმეზე იმსჯელებს.

აღნიშნული პირების საქმე 11-პირიანი საქმიდან გამოიყო და გორის სასამართლოს გადაეცა. როგორც არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა On.ge-ს უთხრა, მათ დღეს უკვე დაიწყეს ნაფიცი მსაჯულების შერჩევა.

რაც შეეხება შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეს, აქ ბრალი ხუთ პირს აქვს წარდგენილი და მათ შრის გაგნიძე, ჩიქოვანი და რევაზიშვილიც არიან. ხუთივე დაკავებულმა საქმის ამ ეპიზოდში ნაფიცი მსაჯულების ჩართვაზე უარი თქვეს.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.

თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე წარუდგინეს. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც.-ს; ლ.შ.-ს; ნ.ქ.-ს და გ.მ.-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.