ბუდიზმი მსოფლიოს მეოთხე ყველაზე დიდი რელიგიაა, რომელსაც 520 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. უცხო თვალისთვის კი, ბუდისტების და ბუდისტი ბერების რელიგიური რიტუალები ხშირად ძალიან უცნაურია.

ბუდიზმში, ისევე როგორც სხვა რელიგიებში, არსებობს ასკეტიზმის შემთხვევები. როცა, ადამიანები (ძირითადად ბერები) "ხორციელ სიამოვნებაზე" უარს ამბობენ და სულიერ მიზნებს მისდევენ. ასკეტიზმი მიწიერ კუთვნილებასა და მატერიალურ სიმდიდრეზე უარის თქმის ერთგვარი რადიკალური ფორმაა, რომელიც ბუდიზმის მიმდევრებს გასხივოსნების (enlightenment) მიღწევაში ეხმარება.

სულიერი ტრანსფორმაცია ზოგი ბუდისტი ბერისთვის მთავარი სამიზნეა ხოლმე და მატერიალურ ცხოვრობაზე უარის თქმა ხშირად დიეტის რადიკალურ ცვლილებასაც გულისხმობს.

მაგალითად, ზოგი ბუდისტი ბერი, დროთა განმავლობაში, ნებისმიერი სახის საკვებზე და წყალზეც უარს ამბობს და დარჩენილ ცხოვრებას მედიტაციაში ატარებს. ცხადია, გახანგრძლივებული შიმშილის და დეჰიდრატაციის საბოლოო შედეგი სიკვდილია.

საუკუნეების მანძილზე, ზემოხსენებული პრაქტიკა ასობით ბუდისტ ბერს აქვს ნაცადი. დროთა განმავლობაში, ძველ ტაძრებში მეცნიერები უცნაურ სანახაობას აწყდებოდნენ: ბუდისტურ სამოსში გამოწყობილ მუმიებს, გვამებს, რომლებიც ასწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე ხელუხლებლად იყვნენ შემონახულები.

ბუდისტურ მუმიას თავისი ტერმინიც აქვს — სოკუშინბუცუ. ასეთი მუმიები ჩინეთში, იაპონიაში და აზიის ქვეყნებში ინახება. სოკუშინბუცუს ყველაზე ცნობილი მაგალითი ტაილანდელი ბუდისტი ლაუნგ ფო დაენგია.

ფოტო: Per Meistrup

ეს ბერი 1973 წელს მოკვდა და მისი მუმიფიცირებული სხეული ტაილანდში, ვატ კუნარამის ტაძარში დღემდე ინახება. ყველაზე თვალშისაცემი, ალბათ, ამ მუმიის მზის სათვალეებია, რომელიც იმიტომ გაუკეთეს, რომ გახრწნილი თვალები ალბათ არც ისე კარგი შესახედი იყო.

აღსანიშნავია, რომ მუმიის სხეულში პატარა გეკონები სახლობენ და მის კანქვეშ კვერცხებსაც დებენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ბევრისთვის გროტესკული სანახაობა იყოს, ასკეტიციზმის ფილოსოფიაში ტაილანდელი ბერის ბედი პატივსაცემია.

სოკუშინბუცუს ყველაზე ძველი მაგალითი ბერი სანგა ტენზინია, რომელიც 550 წლის მუმიაა, ის ინდოეთის ჰიმალაური რეგიონის პატარა სოფელში, ტაძარში ინახება.

ფოტო: ბერი ჰუინენგის 550 წლის სოკუშინბუცუ

მიუხედავად იმისა, რომ სკოუშინბუცუ ხშირად უბრალოდ მუმიფიცრებულ ბუდისტ ბერს ეწოდება, ტერმინი თავდაპირველად კონკრეტული ტიპის ბუდიზმის მიმდევარი ბერების მუმიებს ეწოდებოდათ.

იაპონიაში ასკეტიზმის მსგავსი პრაქტიკა ყველაზე ხშირი შუა საუკუნეების იაპონიაში იყო. "თვითმუმუფიცირების" პროცესს თავისი წესები ჰქონდა, რომელიც ბერს მკაცრად უნდა დაეცვა და ის დაახლოებით 10 წელი გრძელდებოდა.

საინტერესო ისაა, რომ მუმიფიცირების ზემოხსენებული ტექნიკა ბუნებრივ დანამატებს და პრეზერვანტებს არ საჭიროდებდა. ანუ, ბერების ცხედრები ხელშეუხებელი ინახებოდა. მიუხედავად ამისა, ხრწნის პროცესი ხშირად მინიმალური იყო, რაც თავის დროზე მეცნიერებისთვის ძალიან გასაკვირ მოვლენას წარმოადგენდა.

სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეული იხრწნება. ჩვენს სხეულში არსებულ ორგანულ ნაერთებს მიკროორგანიზმები შლიან. შესაბამისად, სხეულის შენახვა გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს.

სოკუშინბუცუს საიდუმლო სწორედ იმ მეთოდიკაშია, რომელსაც ბუდისტი ბერები მკაცრად იცავდნენ. პირველ რიგში, ბერები ცვლიდნენ დიეტას. ისინი უარს ამბობდნენ ხორბლეულზე და რაღაც ეტაპზე, მხოლოდ წიწვების და ფისის, ისევე როგორც გარკვეული ველური მარცვლეულის ჭამაზე გადადიოდნენ. ამის შედეგი კი ის იყო, რომ ბერებს სხეულში ცხიმი პრაქტიკულად არ რჩებოდათ.

ამის შემდეგ, ბერები ნელ-ნელა სითხეების მიღებასაც ამცირებდნენ, რაც შინაგანი ორგანოების თანდათანობით შემცირებას იწვევდა. ბოლოს ისინი სითხეების მიღებას მთლიანად წყვეტდნენ და მუდმივ მედიტაციაზე გადადიოდნენ, რომლის დროსაც "ნენბუცუს" მანტრას მღეროდნენ. დეჰიდრატაციის საბოლოო შედეგი, ცხადია, სიკვდილი იყო. თუმცა ზემოხსენებული დიეტის გამო, ბერების კანი და კბილები ბოლომდე შენახული რჩებოდა და გახრწნის პროცესი აღარ მიმდინარეობდა.

თვითმუმიფიკაცია იაპონური ბუდიზმის ზოგ განხრაში მიღებული პრაქტიკა მეცხრამეტე საუკუნემდე იყო. თუმცა, 1879 წელს იმპერატორმა მეიჯიმ ის აკრძალა. მას შემდეგ, იაპონიაში (ისევე როგორც ბევრგან) სუიციდი არალეგალურია.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმუმიფიკაცია ბევრისთვის სასწაულებრივი მოვლენა იყო, მის მიღმა ძალიან მარტივი ბიოლოგიური მექანიზმი დგას, რომელიც სხეულის გახრწნის გარეშე შენახვის შესაძლებლობას იძლევა.