"კომპიუტერის გენიოსად" ცნობილი მოზარდი, რომლის ბეატიფიკაციაც, ანუ ნეტარად შერაცხვაც კათოლიკურ ეკლესიაში ცოტა ხნის წინ მოხდა, შესაძლოა, პირველი მილენიალი წმინდანი გახდეს.

კარლო აკუტისი, რომელიც 2006 წელს 15 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეიკემიით, იტალიის ქალაქ ასისიში შერაცხეს ნეტარად.

ბეატიფიკაცია წმინდანად შერაცხვის წინარე პროცესია და ნიშნავს, რომ წმინდანობის კანდიდატის "ნეტარად" მოხსენიება შეგვიძლია — ანუ მის სახელს ერთი სასწაული მაინც უკავშირდება.

საეკლესიო კანონიკით წმინდანად შერაცხვისათვის საჭიროა კანდიდატის მიერ მოხდენილი კიდევ ერთი სასწაულის არსებობის დადასტურება.

კარლო აკუტისის სამარე.

ფოტო: Catholic Herald

საკუთარი ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების საშუალებით აკუტისმა შექმნა ვებგვერდი, სადაც ევქარისტიული სასწაულების ისტორიაა განთავსებული. ვატიკანის ცნობით, ვებგვერდით 10 ათასზე მეტმა მორწმუნემ ისარგებლა.

კათოლიკური ეკლესიის განცხადებით, აკუტისი ადრეული ასაკიდანვე მორწმუნე იყო, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი "მსახურებას ცხოვრებაში სულ სამჯერ დაესწრო".

ვატიკანის ცნობით, ბეატიფიკაციის საფუძველი ის მტკიცებულება გახდა, რომლის მიხედვითაც აკუტისმა ბრაზილიელი ბიჭი იშვიათი დაავადებისგან განკურნა ლოცვის საშუალებით.

მოზარდი ლონდონში დაიბადა იტალიელი მშობლების ოჯახში, შემდეგ კი მისი ოჯახი მილანში გადავიდა, სადაც იგი სიკვდილამდე ცხოვრობდა. ვატიკანის მიერ "რწმენის სიყვარულით შემოსილ კომპიუტერის გენიოსად" წოდებული აკუტისი თანამედროვე ნეტართა შორის ასაკით ყველაზე პატარაა.