უმსხვილესმა ყაზახურმა ინოვაციურმა კომპანია Kaspi.kz-მ, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე გახლავთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსა აქციები. IPO ფასის ზედა ზღვარის ფარგლებში ჩატარდა და თითოეული GDR (სადეპოზიტო გლობალური ქვითარი)-ის ფასი $33.75 შეადგენდა. IPO-ს ჯამურმა ღირებულებამ $1 მილიარდი შეადგინა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $6.5 მილიარდს მიაღწია. შესაბამისად, London Stock Exchange-ზე Kaspi.kz-ს ღირებულება 20%-ზე მეტით გაიზარდა.

სხვა ფინანსური ორგანიზაციების მსგავსად, მსოფლიოს ონლაინ რეჟიმზე გადასვლისას Kaspi-ს მოგება გაიზარდა. მაშინ, როცა ყაზახეთის ეკონომიკა ნავთობის გაუფასურებისა და Covid-19-ით გამოწვეული კატრანტინის გამო დაზარალდა, Kaspi-ს სუფთა მოგება 2020 წლის პირველ ნახევარში 50%-ით გაიზარდა. ამჟამად, კომპანიის ფინანსურ სერვისებს, ყოველთვიურად, 7.8 მილიონი მომხმარებელი იყენებს.

"მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და მსხვილი საინვესტიციო კომპანიები ყაზახეთის და კერძოდ Kaspi.kz-ს ინვესტირების უპირატესობაში დავარწმუნეთ. ჩვენი წარმატებული IPO გვაძლევს საშუალებას, ყაზახეთი ინოვაციების მსოფლიო რუკაზე წარმოვაჩინოთ, რაც მსოფლიო ინვესტორებს უხსნის გზას ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ამოცანაა ნებისმიერი ტიპის მომხმარებლის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და ჩვენი სუპერ აპლიკაციის — Kaspi.kz-ის განვითარება", — აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი, მიხეილ ლომთაძე.

Kaspi-ის ზრდა იწყება 2006 წლიდან, როცა კომპანიის წილი Baring Vostok-მა შეიძინა. მომდევნო წელს კომპანიის მართვა ამავე მეწილის პარტნიორმა, მიხეილ ლომთაძემ ჩაიბარა. სააქციო საზოგადოებაში მოსვლამდე, ჰარვარდის სკოლის მაგისტრმა 1990-იან წლებში საქართველოში აუდიტორული კომპანია დააფუძნა.