პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ, როდესაც მოქალაქეებს ჯერ კიდევ ბოლომდე გათვიცნობიერებული არ აქვთ რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი კლუბებსა და რესტორნებში "შეტყუება" მიუღებელია.

"მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა კომერციულ კომპანიებზე, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო. ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ზოგ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ გათვიცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება იქ რაღაც კლუბებში და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია და ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, ეს კონკრეტული კომპანიების პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვებათ პასუხი მსგავსი ქმედებებისთვის, უმკაცრესი", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ, ასევე, განაცხადა, რომ რამდენიმე კომპანია, რომლებიც "ვითომ" პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობით ცდილობენ მუშაობის გაგრძელებას დაჯარიმდებიან.

"რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა რაღაც შეფერილობებით ვითომ პოლიტიკურ პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, გპირდებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

15 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში 22 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდებოდა. თუმცა, კანონით დაშვებულია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება. გირჩი სწორედ მსგავს ადგილებში მართავს შეხვედრებს ამომრჩეველთან.

17 ოქტომბერს გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ სახელოსნო ბარში, სადაც მათი შტაბია გახსნილი და ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდნენ, შსს-ს თანამშრომლები შევიდნენ. მისი თქმით, პოლიციელები გირჩის წევრებს აგიტაციის ჩატარებაში ხელს უშლიან.