ინგლისელმა ანონიმურმა ქუჩის მხატვარმა, Banksy-მ, სოციალურ ქსელში ჰულა-ჰუპით მოთამაშე გოგოს მურალის ფოტო განათავსა და ინტერნეტსივრცეში მიმდინარე გაცხარებულ კამათს ბოლო მოუღო.

მურალი ინგლისის ქალაქ ნოტინგემში, როზესეი ავენიუზე გამოჩნდა გასულ კვირას.

შავ-თეთრში შესრულებული კედლის ირონიული ნახატი ქუჩის განათების ბოძზე სამუდამოდ მიჯაჭვულ ძველი, ცალბორბლიანი ველოსიპედის ფონზეა აღბეჭდილი.

მურალის გვერდით მდებარე სილამაზის სალონის მეპატრონე, 42 წლის სურინდერ კაური, ამბობს, რომ ქუჩაში მურალი და ველოსიპედი ერთდროულად გამოჩნდა.

"ყველა აღფრთოვანებულია და ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ნახატის სანახავად", — ამბობს კაური, — "დაბნეულები იყვნენ, არ იცოდნენ, ნამდვილად Bansky-ის იყო თუ არა იგი, თუმცა, ცხადია, შესანიშნავი ნამუშევარია".

მხატვრის ზეთში შესრულებული ნამუშევარი — უფლებამოსილი პარლამენტი — სადაც ბრიტანეთის პარლამენტის დარბაზში პარლამენტარების ნაცვლად შიმპანზეები სხედან, თითქმის $12 მილიონად გაიყიდა გასულ წელს, რაც, ვებგვერდ MyArtBroker-ის ცნობით, Banksy-ის ნახატების რეკორდია.

გაყიდულია ხელოვანის არაერთი მურალიც, მათ შორის პოლიციელების კოცნა — ბრაიტონის პაბის გვერდით შესრულებული ორი კაცი პოლიციის ოფიცრის ჩახუტების სცენა — რომელიც 2011 წელს $455 ათასად გაიყიდა.

"სამწუხაროდ, ნახატი მე არ მეკუთვნის, მხოლოდ ნაქირავები მაქვს ერთგვარად. ველოსიპედიც მან მოიტანა — ცალბორბლიანი ტრანსპორტის ერთი საბურავი მურალზე ასახულ გოგოს აქვს და მას ჰულა-ჰუპად იყენებს".

კაური, რომლის სალონიც სულ ახლახან გაიხსნა კარანტინის შემდეგ, ამბობს, რომ სალონში არაერთი ადამიანი მივიდა მურალთან დაკავშირებული კითხვებით, თუმცა იგი მაინც არ იყო დარწმუნებული, სასიკეთოდ წაადგებოდა თუ არა ქუჩის ნახატი მის საქმიანობას".

"ვნახოთ — ამჟამად არაფერში არ ვარ დარწმუნებული", — განაცხადა მან.

ფოტო: Ruben Neugebauer/Sea-Watch

ივლისის თვეში კორონავირუსით შთაგონებული Banksy-ის ნახატი ლონდონის მეტროს ვაგონში გამოჩნდა. სტენსილზე უპირბადო ვირთხები იყვნენ გამოსახულნი, რომლებიც აცემინებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის სატრანსპორტო კომპანიამ ნამუშევარი გრაფიტის ამკრძალავი პოლიტიკის გამო წაშალა, მათ დასძინეს, რომ აფასებენ ხელოვანის ხალხისადმი მოწოდებას, ატარონ პირბადე.

ზაფხულის მიწურულს მხატვარმა ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხით 30-მეტრიანი იახტა დააფინანსა, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის გავლით მიგრანტები გადაჰყავდა ევროპაში. მე-19 საუკუნის ფრანგი ანარქისტის, ლუიზ მიშელის სახელობის იახტას გარე კედელზე Banksy-ის ნახატი ამშვენებდა.