კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს. ამ დროისათვის პეტიციას 3 208 ხელმომწერი ჰყავს. სტუდენტების თქმით, სასწავლო დაწესებულება, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სწავლის პროცესის აუდიტორიებში და, ასევე, შუალედური გამოცდების უნივერსიტეტში ჩატარებას გეგმავს. სტუდენტები აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სწავლების ონლაინ რეჟიმში განახლებას მოითხოვენ.

"მიგვაჩნია, რომ განათლების ხარისხის შენარჩუნებაზე პრიორიტეტული ამჟამად არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იქნება თუ არა სანიტარული ნორმები დაცული, ეს ვერ შეაკავებს ვირუსის გავრცელებას, რადგან უნივერსიტეტამდე მოსასვლელად რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მოგვიწევს. ამასთანავე, შეუძლებელია უნივერსიტეტში სრულად ვიყოთ დაზღვეული ვირუსის გავრცელებისგან", — აცხადებენ სტუდენტები.

მათი განმარტებით, უნივერსიტეტის აუდიტორიებში სწავლის განახლებით სტუდენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას/სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, საგანმანათლებლო დაწესებულებამ მათ შუალედური გამოცდების ჩატარების ალტერნატიული გზა შესთავაზოს, ან ქულები ქვიზებზე გადანაწილდეს.

კავკასიის უნივერსიტეტში On.ge-ს განუცხადეს, რომ სასწავლო დაწესებულებაში ამჟამად სწავლების ჰიბრიდული მოდელი მოქმედებს, რაც ონლაინსა და აუდიტორიებში სწავლას გულისხმობს. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს მიყვებიან და ამიტომ, ლაბორატორიული მუშაობა ისევ აუდიტორიებში გაგრძელდება.

უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს არადისტანციურ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით უნდა წარმართონ.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 233, გარდაიცვალა — 8.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: