პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხატია დეკანოიძეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დეკანოიძე საკუთარი თავის აქტუალიზაციისთვის ადანაშაულებს სუს-ს, თითქოს, მის შტაბში მოსასმენი აპარატის დამონტაჟება უნდოდათ.

"ყურადღების მისაპყრობად სჭირდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაადანაშაულოს, თითქოს, მას უსმენენ და დევნიან. ამ დროს დევნა და მოსმენა არის მისი პოლიტიკური პარტიის ნოუ ჰაუ, ხელწერა", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, წუხელ, ღამით უცნობმა პირმა მათ შტაბში შუქი გამორთო და უშუალოდ დეკანოიძის სამუშაო ოთახში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება უნდოდა.

"ღამე შტაბიდან გამოვედით და სახლში წავედით. ჩვენთან შტაბში ახალგაზრდული ორგანიზაციაა და 3 ახალგაზრდა დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით კიდევ მსჯელობდა. ამ დროს ჩაქრა შუქი, რის მერეც მე-3 სართულზე, ჩემს ოთახში გაიგეს ბრაგა-ბრუგი. იქ ვიკრიბებით, ხოლმე და განვიხილავთ თემებს. იმ ოთახს აქვს ფანჯარა, რომელიც გადის სახურავზე. ავიდნენ მე-3-ზე, ერთი პირი იყო და გაიქცა. ვინ უნდა შემოსულიყო, იციან, რომ შტაბია და სხვა იქ არაფერია. აპარატურის დაყენება უნდოდათ. მეტი ახსნა არ მაქვს, რატომ უნდა შესულიყვნენ ჩემს ოთახში", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ნაკვალევია სახურავზე და მის ოთახში სკამზეც. ამის შესახებ დეკანოიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზეც დაპოსტა, სადაც მომხდარში სუს-ს ადანაშაულებს და პოსტს ნაკვალევის ამსახველი ფოტოებიც თან დაურთო.

On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობის მცდელობას.

გარდა ამისა, დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ გუშინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ღონისძიების გამართვას აპირებდნენ, მოსამზადებელი სამუშაოების წინ კი, მათმა თანამშრომელმა დაინახა პირი, რომელიც დენის წყაროს ჭრიდა.

"ჩემი თანამშრომელი რომ მივიდა და ტელეფონით გადაუღო, შეურაცხყოფა მიაყენა. იდენტიფიცირებულია, ვინც არის, ქოცების შტაბიდნაა, იქ მუშაობს", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გამოკითხვაზე დღეისთვისაა დაბარებული.