ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის აქციას დივერსიულ აქტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ იქ 1 500 ადამიანი იყო მისული.

"ჩვენ ძალიან კარგად ვითვლით საკუთარ შეკრებებსაც და სხვის შეკრებებსაც, ჭიპი გვაქვს ამ საკითხებში მოჭრილი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

კობახიძის თქმით, მისი პარტია 30-ათასიანი აქციის მოწყობის ცდუნებას უძლებს.

"როცა ჩვენ გვაქვს ის ცდუნება, რომ 30 ათასი კაცი შევკრიბოთ და ამას არ ვაკეთებთ და ისინი 1 500-კაციანს ვერ უძლებენ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო მოქმედება, ეს იყო დივერსიული აქტი, რომელსაც მიზანი ჰქონდა, ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთვის

16 ოქტომბერს კოვიდპანდემიის ფონზე ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. აქციაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია და მოქალაქეებს პირბადეები არ ეკეთათ.

შეკრებილებს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ბათუმში კოვიდინფექცია ხელოვნურად გაავრცელა. ის ხალხს დაპირდა, რომ მომავალში საქართველოს ვერცერთი ვირუსი მოერევა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობა ბათუმში რეკომენდაციების გარეშე ჩატარებულ აქციაზე, პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა:

"პასუხისმგებლობა აბსოლუტურად მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან".

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, როცა გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, ორგანიზატორების მხრიდან "უკიდურესი უპასუხისმგებლობა".

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ხალხის ასეთ დიდ ნაკადს არ ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 5 ათასი პირბადე დაარიგეს, მოქალაქეების სიმრავლის გამო ყველას გაფრთხილება ვერ შეძლეს.

ამავე თემაზე: