თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სწავლის დისტანციურად გაგრძელებას მოითხოვს. Change.org-ზე აღნიშნული მოთხოვნით პეტიციას უკვე 1 700-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

"შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და იმ ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე, რაც კოვიდ და ცხელების კლინიკებში თუ უნივერსიტეტის აუდიტორიებში მისვლა შეუქმნის სტუდენტებს, მათი ოჯახის წევრებსა თუ ლექტორებს, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე თსსუ-ს ადმინისტრაციის მხრიდან, ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება, სწავლის დისტანციურად გაგრძელებაა", — ნათქვამია პეტიციაში.

ამასთან, სტუდენტების ნაწილმა ერთობლივი წერილიც გაავრცელა, სადაც დისტანციურად სწავლების აუცილებლობაზე საუბრობს. სტუდენტების თქმით, მათ ხშირად მოუწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ამასთან, აუდიტორიების სიმცირის გამო, ვერ დაიცავენ დისტანციას. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ლექტორების ასაკზე და მიუთითებენ, რომ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

"სტუდენტთა გარკვეული ნაწილი არის აჭარიდან, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეულ საფრთხეს სტუდენტებისთვისაც და ზოგადადაც. შესაძლოა მათ ვერც კი შეძლონ თბილისში ჩამოსვლა. თერმოსკრინინგი, რომელსაც ახდენს უნივერსიტეტი, არასანდოა, ვინაიდან, ვირუსი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს", — ნათქვამია წერილში.

გარდა ამისა, წერილში ვკითხულობთ, რომ ინფიცირების საფრთხეს წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებიც კლინიკებში მუშაობენ.

უმაღლეს სასწავლებლების აუდიტორიებში სწავლის აღდგენა 19 ოქტომბრიდან დასაშვები იქნება. რა ფორმატში გააგრძელებს სწავლას კონკრეტული უნივერსიტეტი მისი ადმინისტრაციის გადასაწყვეტია.