ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ეს საქმე არის თითიდან გამოწოვილი და მას კავშირი რეალობასთან არ აქვს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთადერთი მიზანია დათესოს პროპაგანდა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ.

კაპანაძის თქმით, კარტოგრაფების საქმე არის პოლიტიკური საქმე ივანიშვილის გადასარჩენად წინასაარჩევნოდ.

"ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მელაშვილის და ოლიჩოვას საქმე არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, შეკერილი საქმე, არაფერი კავშირი ამ საქმეს რეალობასთან, იურიდიულ ნაწილთან არ აქვს. ეს არის საქმე ერთადერთი მიზნით, რომ ტალახი ესროლონ წინა ხელისუფლებას.

ჩვენ ვნახეთ ბატონი ღარიბაშვილის სრულიად უსირცხვილო გამოსვლა იმედზე, სადაც მან ტყუილების კორიანტელი დააყენა, ოღონდ ამ ყველაფერს აქვს მისი აზრით ერთადერთი გამართლება, რომ წინა ხელისუფლებას უწოდოს მოღალატე და 34-ჯერ უწოდა მოღალატე და თქვა, რომ ეს იყო ღალატი. რატომ? იმიტომ, რომ მათ რეალურად აინტერესებდათ არა ამ ადამიანების ბედი, აინტერესებთ არა ქვეყნის ინტერესები, არა მათ შორის ეს მოლაპარაკებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის და, ზოგადად, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არა, მათ აინტერესებთ, რომ ახლა, არჩევნებამდე მაქსიმალურად დათესონ პროპაგანდა, რომ წინა ხელისუფლება ყიდდა დავით გარეჯს, მიუხედავად იმისა, რომ დავით გარეჯი ბრალში არ ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე არ ეხება დავით გარეჯს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი იურიდიული არგუმენტი არ გააჩნიათ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ძალიან კარგად იცის", — განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, სრულიად ნათელია და გასაგებია, რატომ იყენებენ ამ საქმეს იმისთვის, რომ დაესხან თავს წინა ხელისუფლებას და ეს საქმე ამისთვის მოიგონეს სწორედ, რომ წინასაარჩევნოდ, პროპაგანდისტულად ტალახი ესროლონ წინა ხელისუფლებას.

"ეს რომ ნორმალური გამოძიება იყოს, მართლა რომ იურიდიული შინაარსის მქონე საქმე ყოფილიყო, ბუნებრივია ყველა ადამიანი დაიკითხებოდა სანამ ამ ადამიანებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებდნენ, მაგრამ ეს არ არის რეალობა და საუბარი იმაზე, ეს პროკურატურა ღარიბაშვილს დაკითხავს თუ არა, არის არარელევანტური და არ აქვს აზრი ამის შეფასებას. ეს საქმე არის პოლიტიკური საქმე ივანიშვილის გადასარჩენად წინასაარჩევნოდ", — განაცხადა კაპანაძემ.