ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, არჩევნების შესაძლო გადადებას ეხმაურება. მისი თქმით, პარტიის მყარი პოზიციაა, რომ არჩევნები ჩატარდეს 31 ოქტომბერს, ყველა მოთხოვნის დაცვით.

"ევროპული საქართველოს ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა და ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და რომ ჩვენ არ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, საზოგადოებაზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში და თავს მივცემ უფლებას საზოგადოების სახელით ვისაუბრო, რომ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ ამ მთავრობას და მითუმეტეს გადადებული არჩევნების პირობებში გაურკვეველი ვადით კიდევ ველოდოთ, რომ რაიმეს გააკეთებენ.

სრულიად ნათელია საზოგადოების დამოკიდებულება — ყველას სურს გარდამტეხი ცვლილებები. რა თქმა უნდა, კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ, ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია.

ამიტომ, ამ არჩევნებზე ყველანი უნდა მივიდეთ მაქსიმალური დაცვით იმ მოთხოვნების, რომლებიც არის დაწესებული და ეს მთავრობა და ივანიშვილი გავუშვათ ოპოზიციაში და მერე მივხედოთ იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც არის ქვეყანაში — დაწყებული კოვიდოთ, გაგძელებული ეკონომიკური უძრაობით და ვარდნით და დამთავრებული იმ ჭაობით, რომელშიც აღმოვჩნდით.

ამიტომ, ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი გადადების. ეს ამბავი უნდა მორჩეს 2 კვირაში და ეს 2 კვირა ყველამ როგორღაც უნდა გავიჭირვოთ, რომ მერე ვიაროთ წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.