ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ევროპული საქართველოს დაანონსებული აქციის გაუქმებასა და ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ჩატარებულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, ევროპულმა საქართველომ აქციის გაუქმების გადაწყვეტილება თბილისში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო მიიღო.

კაპანაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, წინასაარჩევნო აქტივობების გაჩერება არასწორია, თუმცა განსხვავება მეტყველია ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დამოკიდებულებებს შორის.

„ჩვენ გვქონდა მრავალათასიანი აქცია დაანონსებული და უარი ვთქვით ამ აქციის ჩატარებაზე, გამომდინარე იქიდან, როგორ სწრაფად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში და თბილისში და არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ ჩაგდება. მიგვაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა.

ამავდროულად, უნდა ვთქვა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომ წინასაარჩევნო აქტივობების გაჩერება არის არასწორი, რადგან მოსახლეობას აქვს ეხლა არჩევანი, ან ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ და წავიდეთ წინ, ან ამ ჭაობში დავრჩეთ კიდევ დიდი ხანი და ეს ჭაობი ნიშნავს, ასევე, კოვიდსაც და მასთან ვერ გამკლავებასაც.

ამიტომ, მე მესმის ყველა პოლიტიკური ძალის, რომლებიც საარჩევნო აქტივობებს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ადამიანების სიცოცხლე დაგვეყენებინა მაღლა. ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო აქტივობებს და კიდევ გვექნება მრავალი საინტერესო ღონისძიება არჩევნების დღემდე. ამიტომ, კონკრეტული პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძრაობის აქციის შეფასებისგან, იქედან გამომდინარე, რაც ვთქვი, უფო მეტი შეფასებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ, მგონი მეტყველია განსხვავება ჩვენს დამოკიდებულებას და მათ დამოკიდებულებას შორის", — განაცხადა კაპანაძემ.