ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ბათუმის აქციის შემდეგ უფრო ორგანიზებულები იქნებიან, რათა მათ აქციებთან დაკავშირებით კითხვები აღარ გაჩნდეს. ამის შესახებ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იგი განმარტავს, მათ თერმოსკრინინგის აპარატები და პირბადეები ჰქონდათ მობილიზებული, თუმცა ხალხის ასეთ ნაკადს არ ელოდნენ.

"მიუხედევად იმისა, რომ 5 ათასამდე პირბადე იყო დარიგებული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ ეკეთა პირბადე. ხალხის ძალიან დიდი ნაკადიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა, უბრალოდ, ყველა ადამიანთან მისვლა და მათი გაფრთხილება. ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდეგ აქციებზე ჩვენ უფრო ორგანიზებულები ვიქნებით, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები ჩვენს აქციებთან დაკავშირებით", — განაცხადა უდუმაშვილმა.

ამასთან, იგი სამარცხვინოს უწოდებს ქართული ოცნების კრიტიკას, როცა თვითონ მმართველია მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.

16 ოქტომბერს კოვიდპანდემიის ფონზე ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. აქციაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია და მოქალაქეებს პირბადეები არ ეკეთათ.

შეკრებილებს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ბათუმში კოვიდინფექცია ხელოვნურად გაავრცელა. ის ხალხს დაპირდა, რომ მომავალში საქართველოს ვერცერთი ვირუსი მოერევა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობა ბათუმში რეკომენდაციების გარეშე ჩატარებულ აქციაზე, პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა:

"პასუხისმგებლობა აბსოლუტურად მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან".

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, როცა გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, ორგანიზატორების მხრიდან "უკიდურესი უპასუხისმგებლობა".

ამავე თემაზე: