ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა რეს ავრცელებს.

როგორც პრესმდივანი დინა გასიევა ამბობს, ბიბილოვს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.

გამოცემა რეს-ის ინფორმაციით, კორონავირუსი აქამდე დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პრესმდივანს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსი აქვს დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევს.

ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში კორონავირუსის ათეულობით შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ინფიცირებულთა ზუსტ რიცხვ ვერ ასახელებენ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული რიცხვების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ.