ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ტყიბულში ადგილობრივებ შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

წერეთლის თქმით, იმ უიმედობას, უპერსპექტივობას, სოციალურ გაჭირვებასა და ეკონომიკურ კრიზისს, რაც მოსახლეობას აწუხებს მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები უშველის.

"ქალაქ ტყიბულში შეხვედრები მარწმუნებს, რომ ამ სიდუხჭირესა და უპერსპექტივობას მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები უშველის. ამ მდგომარეობას ტყიბულის ბაზარი კარგად ასახავს — მყიდველი მხოლოდ კანტიკუნტად ჩანს და გამყიდველებს ნისიების უზარმაზარი დავთრები აქვთ", — განაცხადა წერეთელმა.

დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველოს გეგმა არის რეალური და კონკრეტული და ახალ შესაძლებლობებს მოუტანს როგორც ტყიბულს, ისე მთლიანად საქართველოს.