ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, სოფელ მეჯვრისხევში ქართული ოცნების აქტივისტები თავს დაესხნენ. მისი თქმით, ინციდენტი პლაკატების გადაკვრას მოყვა.

თარხნიშვილის განმარტებით, მათ პლაკატებზე იყო გადაკრული ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის ფოტოები და როდესაც მათი წარმომადგენლები კადრებს იღებდნენ, მმართველი გუნდის წარმომადგენელბმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"პროვოკაცია მოხდა სოფელ მეჯვრისხევის ახალუბანში, სადაც დაგვხდვა 6-მდე ადამიანი, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაცია და ჩხუბი და ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ერთი კვირის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა იგივე პრობლემა", — განაცხადა თარხნიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მომხდარზე On.ge ქართულ ოცნებასაც დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ახალუბანში სიტუაციის პროვოცირება არა მათ, არამედ ევროპულმა საქართველომ მოახდინა. პარტიის წარმომადგენლის თქმით. ევროპული საქართველოს წევრი ადგილობრივებს იარაღით დაემუქრა.