ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე პასუხობს გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნებამდე ბოლო ორი კვირა ძალიან ტოქსიკური იქნება, რადგან წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან.

ბაქრაძის თქმით, იმ პოლიტიკური ძალისაგან, რომელიც არჩევნებზე ყველაფერს კადრულობს, მათ შორის, რაფალიანცის თემას და დავით გარეჯის საქმეს, ოპოზიციისკენ ხელის გამოშვერა მიუღებელია.

"ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, რომ ყველა ქართველისთვის ემოციურ თემას და დავით გარეჯს იყენებ არჩევნებამდე 3 კვირით ადრე იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო; ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და შემდეგ გავიწყდება; ჩემთვის უკადრებლის კადრებაა ის, როდესაც ბარბარე რაფალიანცის, 9 თვის ბავშვის გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და მერე გავიწყდება; ამიტომ, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის სტანდარტშიც შედის ყველაფრის გაკეთება და ყველაფრის გამოყენება არჩევნების მოსაგებად, ოპოზიციისკენ ამ თემაზე ვერანაირი ხელის გაშვერას ვერ მივიღებთ.

ჩვენი ამოცანაა, პირიქით, მშვიდად, ნორმალურად ამ დაზაფრული გარემოსგან თავისუფლად ადამიანები მოვიყვანოთ არჩევნებზე და ქვეყანას მოვუტანოთ ცვლილებები, რადგან ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, არის გარდამტეხი ცვლილებები და ქართული ოცნების ხელში გატარებული თითოეული დღე ამ ქვეყნისთვის არის უკან გადადგმული ნაბიჯი, მეტი გაღარიბებული ადამიანი, უკან წასული ეკონომიკა და მეტი შექმნილი პრობლემა. ამიტომ, შიშები და ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ ცვლილებებამდე და ქვეყანა წავიყვანოთ წინ", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.