მეცნიერები, ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები ამერიკის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებული "დიდი ბარინგტონის დეკლარაციის" წინააღმდეგ ერთიანდებიან. აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებას ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რაც, მათი აზრით, COVID-19-ის წინააღმდეგ პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყობს ხელს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამგვარი მოწოდება შეცდომაში შემყვანია და იგი არასრულფასოვან სამეცნიერო შეხედულებას ეფუძნება.

თავისი არსით, აღნიშნული დეკლარაცია უფრო მეტად პოლიტიკური განაცხადია და არა პანდემიიდან ნაპოვნი გამოსავალი. ამის შესახებ განცხადებას საზოგადო ჯანდაცვის 14 ორგანიზაცია ავრცელებს. მათ შორის გახლავთ ავტორიტეტული ამერიკის საზოგადო ჯანდაცვის ასოციაციაც.

"ისეთი ყალბი ოცნებების გაყიდვის ნაცვლად, რომელიც, დიდი ალბათობით, უკან ბუმერანგივით დაგვიბრუნდება, ჩვენ პანდემიის უსაფრთხო, პასუხისმგებლიან და სამართლიან მენეჯმენტზე უნდა ვკონცენტრირდეთ", — ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"დიდი ბარინგტონის დეკლარაცია" საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ახლახან გახდა. იგი ახალგაზრდებს აქტიური, პანდემიამდელი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს, რათა კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდეს.

რეალური სურათი რამდენადმე განსხვავებულია. ახალგაზრდები კორონავირუსით ინფიცირდებიან და ამას სასიკვდილო შედეგიც შეიძლება ჰქონდეს. თეორიულად, ამგვარი გზით, პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევას დაახლოებით 1.4 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეეწირება და ამაში COVID-19-ით გარდაცვლილი 220 ათასი ამერიკელი არ მოიაზრება. ამის გარდა, ჯერჯერობით უცნობია, სრულად ყალიბდება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი და რამდენი ხნით ინარჩუნებს ორგანიზმი ამ თავდაცვით ფუნქციას.

დეკლარაციის წინააღმდეგ გაილაშქრა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელთაც თავიანთი მოსაზრება ჟურნალში The Lancet, "ჯონ სნოუს მემორანდუმის" სახელით გამოაქვეყნეს. ეს საერთაშორისო გუნდი 60-ზე მეტ მეცნიერს აერთიანებს და ისინი ცალსახად მიუთითებენ, რომ პოპულაციური იმუნიტეტის ამგვარი გზით მიღწევა არა მხოლოდ დიდი ზიანის მომტანი, არამედ სრულიად უშედეგოც იქნება.

ადამიანური სიცოცხლის გარდა, ეს დიდ ზეგავლენას მოახდენს მთლიანად ჯანდაცვის სამუშაო ძალაზე და გადატვირთული სისტემა ვეღარ მოემსახურება გადაუდებელ თუ რუტინული სამედიცინო საჭიროებას. ამას გარდა, არ არსებობს SARS-CoV-2 ვირუსით ბუნებრივი ინფიცირების შედეგად ჩამოყალიბებული ხანგრძლივი იმუნიტეტის მტკიცებულება. იმუნიტეტის დასუსტების შედეგად გამოწვეული ენდემური გადაცემა პოპულაციის მოწყვლად ჯგუფებს რისკის ქვეშ დააყენებს

ნაწყვეტი "ჯონ სნოუს მემორანდუმიდან"

დეკლარაციის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოებამაც, რომელიც 12 ათას მეცნიერსა და ექიმს აერთიანებს.

"შეცდომაში შემყვანია იმის მტკიცება, რომ პანდემიის კონტროლისკენ მიმართულ ღონისძიებებზე უარის თქმა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო და "თანამგრძნობი" მიდგომაა, მაშინ როცა რეალურად ის ჯანდაცვის სისტემების გადამტვირთავია“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.