დისნეის პლატფორმაზე ისეთი ანიმაციების ყურების დაწყებამდე, როგორიცაა დამბო, პიტერ პენი და ჯუნგლის წიგნი, ეკრანზე ფილმში ასახული სტერეოტიპების შესახებ გაფრთხილება გამოჩნდება.

"ნაწარმოები შეიცავს ხალხის ან კულტურებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების და/ან მათ მიმართ უდიერი მოპყრობის ასახვას", — ამგვარი ფორმულირებით იქნება წარმოდგენილი გაფრთხილება.

"ეს სტერეოტიპული შეხედულებები მაშინაც არასწორი იყო და დღესაც ასეა".

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაცვლად მასალის წაშლისა, მათ "სურთ აღიარონ მისი საზიანო გავლენა, რათა ამ გაკვეთილით დისკუსიის დაწყებასა და მეტად ინკლუზიური მომავლის ერთად შექმნას შეუწყონ ხელი".

იმ ფილმებს შორის, რომლებიც გაფრთხილებას შეიცავს, ასევე არის არისტოკატები, სადაც "ყვითელსახიანი" კატა ფორტეპიანოს ჩხირებით (აზიური სამზარეულოს ატრიბუტით) უკრავს და პიტერ პენი, რომელშიც ადგილობრივი ამერიკელები რასისტული მეტსახელით — "წითელკანიანებად" — არიან მოხსენიებულნი.

გაფრთხილებას შეიცავს ლედი და მაწანწალაც, სადაც ასევე ვხვდებით რასისტულ მოტივებსა და კულტურულ სტერეოტიპებს.

კომპანიამ გაფრთხილების დართვა კონტენტზე თავდაპირველად გასული წლის ნოემბერში გადაწყვიტა, თუმცა იგი ბევრად მოკლე და დაუკონკრეტებელი იყო: "ნაწარმოები წარმოდგენილია ორიგინალური ფორმით. იგი, შესაძლოა, შეიცავდეს კულტურის შეუსაბამო ასახვას".

ამასთან, რამდენიმე ფილმი, მათ შორის სამხრეთის სიმღერა პლატფორმიდან საერთოდ წაიშალა მასში ასახული რასისტული დამოკიდებულებების გამო.

ლედი და მაწანწალაში სიამის კატები ანტიაზიურ სტერეოტიპებს წარმოაჩენენ.

ფოტო: Walt Disney Pictures / Getty

რასიზმი და სტერეოტიპები დისნეის კლასიკად ქცეულ ფილმებში

  • ლედი და მაწანწალა (1955 წელი): სიამის ორი კატა, სი და ამი, ანტიაზიური სტერეოტიპებით არის წარმოჩენილი. მასში ასევე ვხვდებით სცენებს, სადაც ძაღლებს მკაფიო აქცენტი აქვთ, რათა მათი ჯიშების წარმომავლობას გაუსვან ხაზი — მაგალითად, პედრო მექსიკური ჩიუაუაა, ბორისი კი რუსული მწევარი.
  • არისტოკატები (1970 წელი): სიამის კატა, შუნ გონი, რომელსაც თეთრკანიანი მსახიობი ახმოვანებს, აზიელი ადამიანის რასისტულ კარიკატურას წარმოადგენს. იგი ფორტეპიანოს ჩხირებით უკრავს.
  • დამბო (1941 წელი): ყვავების გუნდი, რომელიც დამბოს ფრენის სწავლაში ეხმარება, ხმით შავკანიანებს ბაძავს. მათი ლიდერის, ჯიმ ქროუს ქცევა, რომელსაც ასევე თეთრკანიანი მსახიობი, კლიფ ედვარდსი ახმოვანებს, სამხრეთის შტატებში არსებულ იმდროინდელ რასისტულ-სეგრეგაციულ კანონებზე მიუთითებს.
  • ჯუნგლის წიგნი (1968 წელი): პერსონაჟი, სახელად მეფე ლუი, მაიმუნია, რომელიც ენობრივი უნარებით არ გამოირჩევა. იგი დიქსილენდის ჯაზის სტილში მღერის და სიზარმაცისკენაა მიდრეკილი. პერსონაჟის სახე, რომელიც აფროამერიკელი ადამიანის რასისტულ კარიკატურას წარმოადგენს, მრავალჯერ გააკრიტიკეს.
  • პიტერ პენი (1953 წელი): ფილმში ადგილობრივი ამერიკელები "წითელკანიანებად" არიან მოხსენიებულნი. ასევე პიტერ პენი და დაკარგული ბიჭები ინდიელების თავსაცვამით ცეკვავენ, რაც "ადგილობრივი მოსახლეობის დაცინვასა და კულტურის მითვისებაზე" მიუთითებს. ანიმაციაში გამოყენებული სიმღერა, რა აქცევს წითელ კაცს წითლად, აგრეთვე შეფასდა რასისტულად და მოგვიანებით, სახელიც შეეცვალა — რა აქცევს გულად კაცს გულადად".
  • სამხრეთის სიმღერა (1946 წელი): ეს დისნეის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოლემიკის გამომწვევი ფილმია, რომელიც აშშ-ში DVD ფორმატით არასდროს გამოსულა. ანიმაციაში პლანტაციაში მომუშავე ბიძია რემუსის საშუალებით წარმოჩენილია რასისტულ-მონათმფლობელური ნარატივი, რომ ბამბის პლანტაციების მუშები ბედნიერები იყვნენ.

Warner Bros.-მა მის მიერ შექმნილ რამდენიმე ანიმაციაში დიდი ხნის წინ დაამატა გაფრთხილება კონტენტში არსებული "ეთნიკური და რასისტული მიკერძოების" შესახებ.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ანიმაციებში დღევანდელი საზოგადოება არ არის ასახული, ისინი მაინც ორიგინალური სახითაა წარმოდგენილი, რადგან საპირისპიროდ მოქცევის შემთხვევაში, ისე გამოჩნდებოდა, თითქოს ამ შეხედულებების ოდესმე არსებობას უარვყოფთ", — განაცხადა კომპანიამ.