საეთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 10 კანდიდატიდან 3 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. მათივე ცნობით, ისინი, სულ, 4 კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი.

TI-მ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და შემოწირულობები 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე შეისწავლა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამოწმონ, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებაა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 7-მა კანდიდატმა 2014-2020 წლებში ლეიბორისტულ პარტიას, ჯამში, 41 845 ლარი შესწირა. ამასთან, 3 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მათ არც პოლიტიკური შემოწირულობა განუხორციელებიათ. ესენი არიან: შალვა ნათელაშვილი, თემურ წიკლაური და სამსონ გუგავა.

მცხეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი, TI-ის ცნობით, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. თუმცა მან 2017-2020 წლებში პარტიას 9 860 ლარი შესწირა. არც თელავისა და ახმეტის მაჟორიტარობის კანიდატი, ნიკოლოზ ვარდოშვილი არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. დოკუმენტის მიხედვით, მან 2020 წელს ლეიბორისტულ პარტიას 8 000 ლარი შესწირა.

რაც შეეხება რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, მიხეილ ქუმსიშვილს, სამეწარმეო საქმიანობაში ისიც არ არის ჩართული. TI-ში ამბობენ, რომ მან 2018-2020 წლებში პარტიას 6 000 ლარი შესწირა. სამეწარმეო საქმიანობაში არ არის ჩართული არც გიორგი ჩიტაური, ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატი. თუმცა მან პარტიას 2020 წელს 5 000 ლარი შესწირა.

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ალი ბადიროვი კი, ინდივიდუალური მეწარმეა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს მან ლეიბორისტულ პარტიას 7 235 ლარი შესწირა.

ამასთან, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ტარიელ კალანდარიშვილი შპს პირამიდის 33%-იანი წილის მფლობელია. იგი, ასევე, შპს წითელი მეტეორის დირექტორი და 100%-ის მფლობელია. TI-ის ცნობით, კალანდარიშვილმა 2014-2020 წლებში საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას 5 650 ლარი შესწირა.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით მამალაძე კი, სპს საქართველოს ადვოკატთა საზოგადოება, შარაშიძე და პარტნიორების დამფუძნებელია. დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს მან ლეიბორისტულ პარტიას 100 ლარი შესწირა. ხოლო სპს საქართველოს ადვოკატთა საზოგადოება, შარაშიძე და პარტნიორების დამფუძნებელმა, გოჩა გორდელაძემ, TI-ის ცნობით, 2011 წელს ქართულ პარტიას შესწირა 9 000 ლარი.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.

ასევე, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად.

ამავე თემაზე: