არც ისე დიდი ხნის წინ, როცა მსოფლიო მზად არ იყო ქალები შემოქმედებად ეღიარებინა, კაცები "ხელოვნების ან იდეის გადარჩენის" საბაბით ამართლებდნენ მათი ქმნილებების მიტაცებასა და სხვის ნაშრომზე საკუთარი სახელის მიწერას. საავტორო უფლებებისა და აღიარების გარეშე ცხოვრების უსამართლობას უამრავი ქალი იზიარებდა, მათი იდეები ან იკარგებოდა, ან მათზე დამსახურება მათ მიეწერებოდათ, ვისზეც "ლიდერისა და ავტორის" სახელი ხალხისთვის მეტად ავთენტური ჩანდა.

ამის შთამბეჭდავი მაგალითია ტენესელი მხატვარი მარგარეტ კინი არც თუ შორეული წარსულიდან. დიდთვალა ბავშვების ნახატები, რომელთა ჩამუქებულ მზერაშიც სევდას, მარტოობასა და ტკივილს ამოიკითხავდით, 50-60-იანი წლების ამერიკაში კულტურას აყალიბებდა. "კინის თვალები" იყო ყველგან — სასტუმროებში, საცხოვრებელ სახლებში, კაფეებში, ქუჩებში, შენობებზე...

კინი თავის ნახატებზე მხოლოდ გვარს, Keane-ს აღნიშნავდა, რაც საშუალებას აძლევდა მის [აწ უკვე ყოფილ] ქმარს, უოლტერს, თავი მათ შემქმნელად წარედგინა. მან მარგარეტი დაარწმუნა, რომ ქალის ავტორობის შემთხვევაში, მის შემოქმედებას სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნახატებზე ქმრის სახელი იქნებოდა, მათი პოპულარობა გაიზრდებოდა. და მართლაც, წლების განმავლობაში ის "დიდი თვალების" აღიარებას საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდა.

თუ ერთ დროს საკუთარი ხელოვნება მარგარეტისთვის თავისუფლებისა და სიმშვიდის მომტანი იყო, ის ციხედ იქცა, მას საათების განმავლობაში უწევდა ჩაკეტილ სივრცეში ხატვა. იზოლირებულმა და ჩრდილში მყოფმა მარგარეტმა 1970 წელს ქმარი მიატოვა, მისი სახელის მითვისების გამო უჩივლა და დაკარგული ათწლეულების კომპენსაციად 4 მილიონი დოლარი მიიღო.

მარგარეტ კინი თავის ნამუშევრებთან ერთად.

ფოტო: Robert Gumpert / The Guardian

კინი დღეს 93 წლისაა და ამერიკაში ცხოვრობს. მან მოიპოვა დამსახურებული აღიარება, მისი ისტორიის შესახებ კი, შესაძლოა ტიმ ბარტონის 2014 წლის ფილმიდან, Big Eyes იცოდეთ, რომელშიც მარგარეტის როლს ემი ადამსი ასრულებს.

შესაძლოა მარგარეტის ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს, მაგრამ სევდიანია რეალობა, რომელიც ქალს ვინაობის შენიღბვას აიძულებდა, სანამ სამყაროს ხელოვნებაში ასახულ ფიქრებს, წარმოსახვას თუ პირად გამოცდილებას გაუზიარებდა.

ამბობენ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში, ელენე დარიანის პოეზია მეტისმეტად თამამად მიიჩნიეს. იმდენადაც, რომ ფსევდონიმის ქვეშ შექმნილი პოეზია ათწლეულების შემდეგ, კაცის საავტორო კრებულში შეიტანეს.

ელენე დარიანი იგივე ელენე ბაქრაძეა, ცისფერყანწელებთან დაახლოებული პირი და როგორც ვიცით, პაოლო იაშვილის მეგობარი. იაშვილის შემოქმედებაში დარიანული ციკლის სახელის ქვეშ 14 ლექსი არსებობს, რომელშიც პოეტი იშვიათი სიზუსტით წარმოგვიდგენს ქალის ეროტიკულ გრძნობებს. 1915-1920 წლის ფარგლებში შექმნილი კრებული 1959 წელს, იაშვილის სიკვდილიდან 22 წლის შემდეგ გამოვიდა.

იდეა, რომ აღნიშნული ლექსები ელენე დარიანს შეიძლება ეკუთვნოდეს, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, პირველად 1990-იანების დასაწყისში გიორგი ჯავახიშვილმა გააჟღერა, რასაც ულმობელი კრიტიკა მოჰყვა. იმის მიუხედავად, რომ თავად პაოლოს არადროს განუცხადებია, რომ დარიანული ციკლის ავტორი თავად იყო, ჯავახიშვილის აღმოჩენები იაშვილის შეურაცხყოფად და დაუფასებლობად შერაცხეს. ასევე ამბობენ, ელენემ ერთადერთხელ, ლექსების გამოშვების შემდეგ სცადა საავტორო უფლებების დაცვა, თუმცა, უშედეგოდ.

ელენე დარიანი-ბაქრაძე

ამის პარალელურად, ელენე ბაქრაძის შესახებ ცნობები იმდენად მწირია, რომ მას ქართული ლიტერატურის ყველაზე იდუმალ პიროვნებასაც უწოდებენ. სწორედ ამის გამო, ელენეზე უფლებაწართმეული ქალის კონტექსტში ვერ ვისაუბრებთ და ვერც პაოლო იაშვილს დავაკისრებთ მისი შემოქმედების მითვისების დანაშაულს. მით უმეტეს, რომ შემორჩენილი ცნობებით, ისინი ისტორიის ერთ მხარეს იდგნენ და რეპრესიებისა და საზოგადოების წნეხის გამო, შესაძლოა, ეს ქართველი ლიტერატორი ქალის შემოქმედების გადარჩენის მართლაც ერთადერთი გზა ყოფილიყო.

რაც მთავარია, პაოლომ და ელენემ მინიშნებები დატოვეს. დღემდე ვარაუდის დონეზე ცხადდება, რომ დარიანული ციკლის კრებული მათ ერთად შექმნეს, ფსევდონიმი "დარიანი" კი, სავარაუდოდ, პაოლოსთვის ელენეს მიერ შერქმეული მეტსახელიდან, "დორიანიდან" მომდინარეობს.

მაგრამ, ნუთუ პოეზიაში უსაზღვრო და ფოტოზე გამოსახული ეს ლაღი ქალი სიხარულით დათანხმდებოდა, მისი ლექსები კაცის, თუნდაც საყვარელი ადამიანის სახელის ქვეშ დაბეჭდილიყო?

ჩვენამდე ელენე დარიანის სახელით მოსული სულ რამდენიმე ლექსი არსებობს, მათ შორისაა კრებულის გამოშვებამდე თითქმის 45 წლით ადრე გამოქვეყნებული ცნობილი ლექსი, პირამიდები. ის ელენეს მდიდარ შინაგან სამყაროსა და მისი გადმოცემის უბადლო ნიჭს დაუფარავად გვიჩვენებს:

იქ, სადაც დუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე…
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თველებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

ოჯახებსა თუ დაკეტილ კარებს მიღმა, უამრავი ქალის სახელი და ისტორიაა ჩაკარგული ისე, რომ მათ არასდროს მოუპოვებიათ დამსახურებული აღიარება. მარგარეტ კინი ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც გამოუცდელობის გამო თავი არასაკმარისად აგრძნობინეს და დაარწმუნეს, რომ სამყარო ქალურ ტალანტს არ შეიყვარებდა.

"საოცარი გოგო აღმოვაჩინე, ის ზუსტად ისეთია, როგორიც მე ვიყავი ქორწინებამდე", — წერდა კოლეტი მეგობარს თავისი წიგნის პერსონაჟზე, და მართლაც, მისი პირველი წიგნი, კლოდინი სკოლაში, ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებდა. ამის მიუხედავად, 1900 წლის საფრანგეთმა მარტივად დაიჯერა, რომ ის კაცის მიერ იყო დაწერილი. ამჯერადაც, ეს "წარმატებული მწერალი" სინამდვილეში, უბრალოდ, კოლეტის ქმარი გახლდათ. ქორწინებისას გაბრიელ სიდონი 20 წლის იყო, ხოლო ქმარი ჰენრი გოტიე-ვილარსი 34-ის.

იმ დროს, როცა კოლეტის თავდაჯერებულობა და დიდება ოთახის კუთხეში იჩქმალებოდა, ჰენრი მისი ნიჭით სახელსა და ქონებას იხვეჭდა. კლოდინის შესახებ დაწერილი 4 წიგნის ავტორობა წლების განმავლობაში სწორედ მას მიეწერებოდა, თუმცა, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა.

კოლეტი ოდრი ჰეპბერნთან ერთად, 1951 წელი.

ფოტო: Hulton Archive / Getty Images

განქორწინების შემდეგ, კოლეტი პანტომიმას შეუერთდა, გახდა მსახიობი, მოცეკვავე და წერაც განაგრძო. ის წერდა ნოველებს ყველაფერზე, რაც აინტერესებდა — ანორექსიაზე, ლიტერატურაზე, მოდაზე, გაყალბებულ ორგაზმზე, ომზე, ოჯახში ძალადობაზე, ადამიანების ფსიქოლოგიაზე... ის საფრანგეთის ერთ-ერთი ღიად ბისექსუალი მწერალი გახლდათ, რომელიც ნობელის ჯილდოზეც იყო წარდგენილი და რომელსაც, პრუსტის სიკვდილის შემდეგ, პარიზის ფავორიტი მწერალი უწოდეს. კოლეტმა სასამართლოს საშუალებით კლოდინის წიგნებიდან ქმრის სახელი ამოიღო და დიდებასთან ერთად, საავტორო უფლებები დაიბრუნა.

ყოველი დღის ბოლოს, შენ მიერ შექმნილ ნამუშევარზე საავტორო უფლებების ქონა ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან არ იცი, სხვა მას როგორ მოეპყრობა.

ეს სიტყვები ემა უოტსონს ეკუთვნის, რომელიც Little Women-ის პრემიერაზე ფილმის მთავარი პერსონაჟის, ჯო მარჩის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და პარალელს თანამედროვე მუსიკოსზე, ტეილორ სვიფტზე ავლებს.

ფილმში ჯო მარში [სირშა რონანი] ნიუ-იორკელ გამომცემელს წიგნის პროტაგონისტის ბედზე ეკამათება და საბოლოოდ თანხმდება, რომ მისი დასასრული შეცვალოს. მხოლოდ ამ გზით, ის ახერხებს, რომ საკუთარ წიგნზე საკუთრების უფლება შეინარჩუნოს.

"ეს ეხება საკუთარი ღირებულების რწმენას, ცოდნასა და ამ ღირებულების ფლობას... ჩვენს ეპოქაში ტეილორ სვიფტი საუკეთესო მაგალითია იმის, თუ რა ხდება, როცა ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი ხარ და ვიღაცას შენი შემოქმედების ყიდვა სურს", — დასძენს უოტსონი.

ტეილორ სვიფტი

ფოტო: Beth Garrabrant

სვიფტი 14 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი კონტრაქტი გააფორმა: "განცდა მქონდა, რომ დროს ვკარგავდი. მინდოდა ჩემი ცხოვრების ის წლები მუსიკალურ ალბომში ამესახა და წარმომეჩინა, რას ვგრძნობდი მაშინ". 16 წლის ასაკში ის სკოტ ბორშეტას ხმისჩამწერი ლეიბლის, Big Machine Label Group-ის პირველი მუსიკოსი და მოგვიანებით, ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი გახდა, თუმცა, იმ დროს დადებული კონტრაქტის მიხედვით, სვიფტის შემოქმედებაზე საავტორო უფლებები სრულად ლეიბლის საკუთრებაში რჩებოდა.

დღეს სვიფტის პირველ 6 წარმატებულ ალბომს ლეიბლის ახალი მფლობელი, სკუტერ ბრაუნი განაგებს. სვიფტი ამბობს, რომ ის 10 წლის განმავლობაში ბორშეტას ნებისმიერ ფასად სთავაზობდა საკუთარი ჩანაწერებისა და მუსიკის გამოსყიდვას, თუმცა ამის შესაძლებლობა არასდროს მისცემია, ხოლო ბრაუნმა სვიფტის კატალოგი 300 მილიონ დოლარად შეიძინა. ტეილორი აცხადებს, რომ კონცერტებზე თავისი დაწერილი ძველი სიმღერების შესრულება ან პროექტებში მათი გამოყენება ხშირად ეკრძალება.

მუსიკოსმა ახალი კონტრაქტი Universal Music Group-თან 28 წლის ასაკში დადო და ის მის მოთხოვნებზეა მორგებული. ახლა სვიფტი სრულად ფლობს თავის შექმნილ ორ ბოლო ალბომს, Lover-სა და folklore-ს, ძველ კატალოგზე უფლებების დასაბრუნებლად კი 2020 წლის ნოემბერში თავისი ძველი ალბომების განმეორებით ჩაწერას აპირებს. ფანები სპეკულირებენ, რომ ფოლკლორში შესული სიმღერით, my tears ricochet, სვიფტი სწორედ ბორშეტას მიერ "დაღალატებას" ეხმაურება, რადგან მას მომღერალი "ოჯახის წევრად მიიჩნევდა".

"ადამიანები საკუთრების უფლებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუმცა, როდესაც მონოპოლიას თამაშობ, შენ გადაწყვეტილების მიღება გიწევს: სწრაფად მოიპოვო ფული, თუ რამის ფლობა აირჩიო. იმისთვის, რომ მონოპოლიაში გაიმარჯვო, რაღაცებს უნდა ფლობდე".

ემა უოტსონი.

დავუბრუნდეთ Little Women-სა და ჯო მარჩს. ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკული კლასიკის ავტორი და მწერალი ლუიზა მეი ოლკოტი, თავადაც იბრძოდა საკუთარი საავტორო უფლებებისთვის. გრეტა გერვიგის ფილმში კი საკუთარი უფლებების დაცვის სცენა სირშა რონანმა იდეალურად წარმოგვისახა.

"ფილმის დასაწყისში, ჯო არც ისე თავდაჯერებულია, დასასრულს კი თამამად ეკამათება რედაქტორს, საკუთარი საავტორო უფლებისთვის იბრძვის და მოლაპარაკებას აწარმოებს. რომ იცოდეთ, ასე იბრძოლა წიგნის ავტორმა ლუიზა მეი ოლკოტმაც. ჩემთვის რევოლუციურია ის ფაქტი, რომ მან 150 წლის წინაც იცოდა საკუთარი შემოქმედებაზე საკუთრების ქონის მნიშვნელობა", — თქვა სირშა რონანმა ფილმის პრემიერაზე.

რადგან ოლკოტი ბრიტანელი არ იყო, მას ინგლისში საავტორო უფლებები არ გააჩნდა, რაც გამომცემლებს საშუალებას აძლევდა წიგნის სახელი Little Women [პატარა ქალები] სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეეცვალა. ის იბეჭდებოდა შემდეგი სახელებით: პატარა ქალები ქორწინდებიან, პატარა ცოლები, თავაზიანი ცოლები და კარგი ცოლებიც კი. წიგნში ჯო სწორედ იმას აპროტესტებს, რომ ახალგაზრდა ქალებს ცხოვრების მიზნად მხოლოდ ოჯახის შექმნას უსახავენ.

გერვიგის ფილმში, სირშა რონანის პერსონაჟი გამომცემელს წიგნის პერსონაჟის ქორწინებაზე ეკამათება და მისი ბედის ცვლილებაზე მხოლოდ საავტორო უფლებების სანაცვლოდ თანხმდება. ოლკოტი ჯო მარჩის პერსონაჟში სწორედ საკუთარ თავს წარმოგვიდგენს, ის თავად არასდროს დაქორწინებულა, თუმცა ქალთა უფლებების სადარაჯოზე მყოფი მწერალი სუფრაჟისტების წევრი იყო და პირველი ქალი გახდა, რომელიც მასაჩუსეტში ხმის მისაცემად დარეგისტრირდა.

ლუიზა მეი ოლკოტი და პატარა ქალები.

ფოტო: The New York Times

ლუიზამ, რომელსაც საკუთარი შვილები არ ჰყოლია, Little Women-ზე და სხვა ნამუშევრებზე საავტორო უფლებების დასაცავად საკუთარი დის, ანა ოლკოტ პრატის [წიგნში მეგი] შვილზე ოფიციალური მეურვეობა აიღო. ამ გზით, მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მის შემოქმედებაზე საავტორო უფლებები მის უახლოეს ნათესავებს დარჩათ და არ ამოწურულა.

იმის მიუხედავად, რომ ხელოვნების კაპიტალიზაციას მოწინააღმდეგეთა არმია ჰყავს, საავტორო უფლებები შემოქმედის გარანტია, დაფასებული იყოს სიცოცხლეში და სწორედ ეს უფლებები განსაზღვრავს ხელოვანის, მეცნიერის თუ ნებისმიერი იდეის ავტორის ცხოვრებას. საავტორო უფლების ქონა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამყაროში, სადაც ქალების ავტორობას, შემოქმედებით ხედვასა და გამორჩეულობას დიდი დაჯილდოებები დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ.

გულწრფელი გამომცემელი, იღბლიანი ავტორი და საავტორო უფლებებით მოპოვებული ქონების განმკარგავი. და რომ იცოდეთ, მისი 'მოსაწყენი წიგნი' ამ მახინჯი იხვის ჭუკის პირველი ოქროს კვერცხი იყო.

ლუიზა მეი ოლკოტის წარწერა პირადი წიგნაკის პირველ გვერდზე. 1885 წელი