ხშირად საუბრობენ იმ მსახიობებზე, რომლებსაც მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ ხვდათ წილად ოსკარის ჯილდო, არადა ამას ნამდვილად იმსახურებდნენ. ამ უყურადღებოდ დარჩენილ ხელოვანებს შორის არიან ემი ადამსი და გლენ ქლოუზი, თუმცა მალე ეკრანებზე მათი ახალი საერთო ფილმი გამოვა და როგორც ჩანს, მომავალი ოსკარის დაჯილდოებაზე გამარჯვებისთვისაც ერთად იბრძოლებენ.

Hillbilly Elegy (სოფლური ელეგია) — ასე ჰქვია ფილმს, რომელიც აშშ-ში, აპალაჩის რეგიონში მცხოვრები მუშათა კლასის ოჯახის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის სიუჟეტი მოზარდი ბიჭის პერსპექტივითაა გადმოცემული, რომელიც ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფ დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს.

სწორედ ამ ორი ქალის, დედა-შვილის როლს ასრულებენ ქლოუზი და ადამსი და ფილმის პირველ ემოციურ ტრეილერში სოციალურ პრობლემებთან ერთად სხვადასხვა თაობას შორის არსებულ დაპირისპირებასაც საკუთარ ტყავზე გამოცდიან.

ფილმის რეჟისორ რონ ჰოვარდია, რომელსაც აქამდე ისეთი ცნობილი კინოსურათები აქვს გადაღებული, როგორებიცაა აპოლო 13, როგორ მოიპარა გრინჩმა შობა, და ვინჩის კოდი და ბრწყინვალე გონება. ამ უკანასკნელისთვის მან ოსკარიც მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორისა და ფილმის ნომინაციაში.

Hillbilly Elegy ამავე სახელწოდების მქონე წიგნის მიხედვით გადაიღეს, რომელიც ჯეიმს ვენსმა 2016 წელს გამოაქვეყნა და მალევე ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერი გახდა. ამ ნაწარმოების მიხედვით სცენარი ვანესა ტეილორმა დაწერა, რომელსაც მანამდე ოსკაროსზე იყო ნომინირებული ფილმის სცენარისთვის წყლის ფორმა.

ემი ადამსი ოსკარზე სულ ექვსჯერ, გლენ გლოუზი კი შვიდჯერ იყო ნომინირებული, თუმცა აქამდე არცერთ მათგანს მიუღია ჯილდო და ეს ფილმი, შესაძლოა, რომელიმესთვის ამ ნანატრი წარმატების მოპოვების შესაძლებობა აღმოჩნდეს.

ფილმის პრემიერა ნეტფლიქსზე 24 ნოემბერსაა დაგეგმილი და მაყურებლებს სწორედ მაშინ შეგვეძლება შევაფასოთ, თუ რამდენად მაღალია მათი შანსები.