საქართველო — განსხვავებულთა ერთობა — ამ პათოსით, დღეს, 15 ოქტომბერს, ლელოს სათაო ოფისში პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოფიო შამანიდიც ესწრებოდა. მათ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით პარტიის პროგრამული ხედვა წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

"დღეს რომ ჩვენ ასეთი საინტერესო ქვეყანა ვართ, ამას ქმნის ჩვენი ისტორიული ფესვები და ერთად ცხოვრება.

ნამდვილად უნიკალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ისტორიულად ჩვენი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ყოველთვის ჩვენი სიმდიდრე იყო და საქართველო ყოველთვის იდგა ამ სიმდიდრეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი. პირადად მე ვიზრდებოდი ისეთ უბანში, სადაც ბევრი რელიგიისა და კულტურის წარმომადგენელი ვცხოვრობდით ერთად. ეს იყო მართლა დიდი ბედნიერება და სწორედ ამას ჰქვია საქართველო", — განაცხადა ხაზარაძემ.

სოფიო შამანიდის განმარტებით, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმსჯელეს პარტიის ხედვაზე და გეგმებზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით.

"ლელოს ოფისში დღეს შევხვდით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა და პროგრამა. ასევე, შევხვდით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ამ საკითხზე მუშაობს. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ განსახილველად, მოვისმინეთ მათი შენიშვნები, რეკომენდაციები და უკვე დამუშავებულ ვარიანტს ფართო საზოგადოებას ოფიციალური პროგრამის სახით წარვუდგენთ", — აღნიშნა შამანიდმა.