2020 წელს ტრადიციულად ჩატარდა Nikon-ის მიკროფოტოგრაფიის დაჯილდოება, რომელიც ამ კონკურსის ისტორიაში რიგით 46-ე იყო. The Atlantic-ის ცნობით, წელს 90 ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ჟიურიმ საუკეთესოები შეარჩია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მთავარია, ფოტო მიკროსკოპულ გამოსახულებას აღბეჭდავდეს, რაც შეუიარაღებელი თვალით უხილავ სამყაროს უკეთესად გვაცნობს.

მართალია, ამ ფოტოებს ძირითადად სამეცნიერო დანიშნულება აქვს, რადგან ის მკვლევრების დაკვირვების ობიექტების იშვიათ ვიზუალიზაციას გვთავაზობს, თუმცა მათი დათვალიერების შემდეგ დარწმუნდებით, რომ ხშირად ისინი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებს ჰგავს.

ახლა სწორედ წლევანდელი კონკურსის რამდენიმე გამორჩეულ ფოტოს შემოგთავაზებთ:

1. თევზის სახეობა დანიო-რერიოს ლიფსიტა

ფოტო: Daniel Castranova, Dr Brant Weinstein / Bakary Samasa

ფლუორესცენციული განათების საშუალებით გადაღებული ეს ფოტო, რომელზეც დეტალურად ჩანს თევზის ლიმფური სისტემა (ნარჯისფერი) და ჩონჩხი (ლურჯი), პირველ ადგილზე გავიდა.

2. თევზი კლოუნის ემბრიონული განვითარება

ფოტო: Daniel Knop

მეორე ადგილზე გასული ეს ფოტო თევზი კლოუნის, იგივე ამფიპრიონის (ანიმაციების მოყვარულებისთვის ნემოს სახელით ცნობილი თევზი) ქვირითის განაყოფიერებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს ასახავს.

3. მტკნარი წყლის ლოკოკინას ენა

ფოტო: Dr Igor Siwanowicz

დიახ, მესამე ადგილზე გასულ ამ ფოტოზე ფერადი სავარცხლები კი არა, არამედ ლოკოკინას ენაა (რადულა) გამოსახული.

4. პეპლის ფრთა

ფოტო: hris Perani / San Rafael

ეს ფოტო, რომელზეც ფარშავანგთვალა ატლასის ფრთის მიკროსკოპული გამოსახულებაა აღბეჭდილი, გვაჩვენებს, თუ რატომ არიან პეპლები ასე თვალისმომჭრელად ლამაზები.

5. კრისტალების ფორმირება

ფოტო: Justin Zoll

არა, ეს ნახატი არ არის: ფოტოზე წყლისა და ეთანოლის ხსნარის გათბობის შედეგად კრისტალების ფორმირებაა ასახული.

6. მიკრომილაკი

ფოტო: Jason Kirk

საგულდაგულოდ ნაშენებ ჩიტის ბუდეს რომ ჰგავს, სინამდვილეში, უჯრედის ძალიან, ძალიან ახლო ხედია.

7. ღამის პეპელა

ფოტო: Ahmad Fauzan

როგორ მედიდურად გამოიყურება!

8. ადამიანის თმა

ფოტო: Robert Vierthaler

საოცრად გამძლე ტყავის ქამარს ჰგავს.

9. ღამურას ემბრიონი

ფოტო: Zuzana Vavrušová / Dr. Richard R. Behringer

უფრო კონკრეტულად, ხილიჭამია ხელფრთიანების მომავალი წარმომადგენელი.

10. პეპლის ფრთა

ფოტო: Don Komarechka

ალბათ, თავისი გარეგნობით ეს პეპელა სრულებით კმაყოფილია.

11. ქარვაში დამარხული ფრთიანი ჭიანჭველა

ფოტო: Dr. Yuan Ji

გახსოვდეთ, რომ ის 20 მილიონი წლისაა.

12. ხოჭოს ფეხი

ფოტო: Aigars Jukna

თუ ვინმეს მისთვის ფეხსაცმლის ყიდვა გინდოდათ, აწი მარტივად შეარჩევთ!

13. ობის სოკო

ფოტო: Sergii Dymchenko

დაძველებულ პურზე რომ არხეინად მრავლდება.

14. ნეირონები

ფოტო: Jason Kirk / Quynh Nguyen

აი, ასე გამოიყურება თავის ტვინის უჯრედები.

15. პეპლის ფრთის ქერცლი

ფოტო: Marco Jongsma

რომელიც კაქტუსებს ჰგავს.