კოსმონავტიკის საერთაშორისო კონგრესის (IAC) მიხედვით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) კომერციალიზაცია მთვარისა და მარსის სამომავლო მისიებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების ტესტირებაში დაგვეხმარება.

IAC, როგორც წესი, ყოველწლიურად, სხვადასხვა ქალაქში ტარდება, თუმცა წელს, პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინ ჩატარდა. მომხსენებლებმა კერძო კომპანიები წარმოადგინეს, რომლებიც NASA-თან, ESA-სთან და JAXA-სთან თანამშრომლობენ.

"მიკროგრავიტაციული გარემო კვლევებისთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა. ასევე, სადგური საშუალებას გვაძლევს დავტოვოთ ჩვენი პლანეტა და დროებით სამყაროს სხვა წერტილში გავატაროთ დრო", — განაცხადა Axiom Space-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა - მაიკლ შაფრედინმა.

იანვარში NASA-მ Axiom Space, მინიმუმ, ერთი კერძო მოდულის ასაგებად დაიქირავა, რომელიც 2021 წლისთვის ISS-ს დაუკავშირდება. თავად Axiom კი მას შემდეგ, რაც ISS-სთვის სამუშაოებს დაასრულებს, დამოუკიდებელი კომერციული სადგურის აგებას გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოუვა ISS, რადგან საერთაშორისო ასოციაცია ორბიტიდან მის გაყვანას გეგმავს. თუმცა იმასაც განიხილავენ, რომ სადგურს პატარ-პატარა მოდულებად დაშლიან და კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებენ.

ასევე, შესაძლოა, რომ ISS-მა ახალი როლიც მოირგოს: NASA-ს იმედი აქვს, რომ სადგურს დედამიწიდან მთავრემდე გადაადგილებაში გამოიყენებენ.

ტრამპის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ 2024 წელს ადამიანები მთვარეზე ისევ დადგამენ ფეხს. არტემისის პროგრამის პირველი მისია კი 2023, ან 2024 წელს განხორციელდება. NASA იმედოვნებს, რომ ამ მისიების დროს კერძო კომპანიები სააგენტოს მხარს დაუჭერენ.

ISS-ზე მუშაობას, კერძო კომპანიებისთვის, უამრავი უპირატესობა მოაქვს. მაგალითად, მათ მოწყობილობების შემოწმება პირდაპირ კოსმოსური გამოსხივების ეფექტების გათვალისწინებით შეუძლიათ.

ISS-ის კომერციალიზაციისთვის საჭიროა, რომ კოსმოსურმა სააგენტოებმა კერძო კომპანიებთან უფრო მყარი ურთიერთობები ჩამოაყალიბონ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია — NASA სულ უფრო მეტ მოდულს უთმობს კერძო კომპანიებს და სულ მალე, ახალი შესაძლებლობები კერძო ასტრონავტებსაც ექნებათ.