ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, გიგი უგულავა არის ერთადერთი გამოცდილი და კომპეტენტური პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონში, ვისაც დღეს შეიძლება დაეყრდნო. უგულავას თქმით, ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები.

"ბატონი გიგი უგულავა, დღეს არის ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია ენდო და დაეყრდნო. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და რეალობაც, რადგან ის, როგორც ხელისუფალი, ასევე, იყო ღირსეული ოპონენტი და როგორც თანამებრძოლი, ასევე არის ღირსეული თანამებრძოლი", — განაცხადა ნათელაშვილმა.

გიგი უგულავამ მადლობა გადაუხადა შალვას და ლეიბორისტულ პარტიას მხარდაჭერისათვის.

"ჩემთვის ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რადგან ვაპირებ გამარჯვებას და მინდა ვიყო ყველა ზუგდიდელის მაჟორიტარი, მიუხედავად იმისა, მხარს დამიჭერენ თუ არა.

ამიტომ, ერთობა იძლევა საშუალებას და საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ რეალური, ხელშესახები, გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ აქ ზუგდიდში და ქვეყანაში, შემოვაბრუნოთ ქვეყანა განვითარებისაკენ და გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან.

ამავდროულად, მინდა გადავუხადო მადლობა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც მენდო მე და ამ ოლქში მხარი დამიჭირა", — განაცხადა უგულავამ.