გრიპის სეზონის და პანდემიის მეორე ტალღის დადგომასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: შეუძლია თუ არა გრიპის აცრას გავლენა იქონიოს კორონავირუსით ინფიცირების ალბათობაზე?

პასუხი მარტივია: არა, სეზონური გრიპის აცრა COVID-19-ისგან ავტომატურად არ გვიცავს. ეს უკანასკნელი, უშუალოდ, გრიპის გამომწვევი ვირუსებისაგან გვიცავს, მაგრამ მიმდინარე პანდემიის გათვალისწინებით, წელს გრიპის თავიდან აცილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის სპეციალისტები და ექიმები პაციენტებს აცრისკენ აქტიურად მოუწოდებენ, რათა ამგვარად ჰოსპიტალური ქსელის გადატვირთვა აიცილონ თავიდან. ამას ემატება საერთო დაბნეულობაც, რადგანაც COVID-19-ისა და სეზონური გრიპის სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს. ამის გამო, გრიპით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მას COVID-19 აქვს, როგორც ამას მეიოს კლინიკის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ექიმი გრეგორი პოლანდი აღნიშნავს. ამ ორ დიაგნოზს შორის ზუსტი პასუხის პოვნას ტესტირება სჭირდება.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, სეზონურ გრიპზე აცრა 6 თვის ასაკიდან შეიძლება, ხოლო იმუნიზაციისათვის ოპტიმალურ პერიოდად ოქტომბრის ბოლო მიიჩნევა.

CDC ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია გრიპით დაინფიცირებას არ იწვევს და მის მიერ დამცველობითი ეფექტის ჩამოყალიბებას 2 კვირა სჭირდება. გრიპის ვაქცინა იდეალური არ არის, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, აცრილი ადამიანები დაინფიცირების შემთხვევაში გრიპს უფრო მარტივად გადაიტანენ.

ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები ერთხმად თანხმდებიან, რომ გრიპის ვაქცინა უსაფრთხოა.