Facebook-ზე არსებობს ასეთი ჯგუფი Science Diagrams that look like Shitposts, ანუ "სამეცნიერო დიაგრამები, რომლებიც შითპოსტებს გავს", სადაც 460 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ამ ჯგუფში ისეთი ილუსტრაციები, გრაფები და ნახატები იდება, რომლებსაც სამეცნიერო სტატიებში, წიგნებში და ვიდეოებში ხშირად შეხვდებით.

ხშირად გარკვეული მოვლენის ან მონაცემების კარგად წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მკითხველმა უკეთ გაიგოს რაიმე ცნება, თეორია და ა.შ. თუმცა, ხშირად დაბალი ბიუჯეტის, ინდიფერენტულობის ან უგემოვნობის გამო, სამეცნიერო დიაგრამები მართლაც შითპოსტებს გავს, კომიკურად გამოიყურება ან ძალიან არაინფორმატიულია.

ამ სტატიაში სწორედ ასეთ ილუსტრაციებს იხილავთ

სათქმელის ფორმულირება მნიშვნელოვანია

ეს სურათი Introduction to special education: new horizons-ის მეორე გამოცემაში შეგხვდებათ. ერთ-ერთი მავანი ზვიგენს უბრალოდ დიდ თევზად მოიხსენიებს, რის გამოც მისი მეგობარი საფრთხეს სათანადოდ ვერ აღიქვამს. საფრთხის არაადეკვატურად შეფასების ამსახველი ფოტო იმდენად კომიკურია, რომ აზრი მომენტალურად გასაგებია.

როგორ ვიპოვოთ უჩინარი ადამიანი

ძაღლის ფოტოზე ვკითხულობთ: "უჩინარი კაცი ძაღლს ასეირნებს". ძაღლი მშვენივრად გამოიყურება, თუმცა უჩინარი ადამიანის ნახატი ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება!

პირბადე ულვაშისთვის

როგორც ჩანს ვიღაცამ 1876 წელს "ულვაშის დამცავი" შექმნა და დააპატენტა კიდეც. მას შემდეგ 144 წელი გავიდა და ულვაში დამცავები მოდაში კიდევ არ არის, თუმცა პირბადეების მომრავლებასთან ერთად, იქნებ ულვაშის დამცავიც პოპულარული გახდეს.

კრივის სახელმძღვანელო დამწყებთათვის

ეს ფოტო კრივის სახელმძღვანელოდანაა აღებული. ფოტოზე ვხედავთ, როგორ ეცემა მოსეირნე (მოდურად ჩაცმულ) მავანს თავისუფალ ვარდნაში მყოფი ბავშვი. ბავშვის ვარდნის მიზეზი, როგორც ილუსტრაცია გვეუბნება, გრავიტაციაა. ეს ფოტო იმის საილუსტრაციოდაა გამოყენებული, რომ მსუბუქწონიან ადამიანს მძიმეწონიანის დამარცხება მაინც შეუძლია, თუ სწორ ტაქტიკას მიმართა.

ააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

"კუნთები სხეულს ამოძრავებს", — ვკითხულობთ სურათზე. სიმართლე გითხრათ, მე რომ მომსდევდეს კანგაცლილი ადამიანი, სავარაუდოდ, მეც 15 ნომრიანი მორბენალის რეაქცია მექნებოდა.

გააღე პირი და თქვი ააააააა

სტომატოლოგები სანამ ადამიანების მკურნალობას დაიწყებენ, ჯერ ასეთ თოჯინებზე ვარჯიშობენ. დარწმუნებული ვარ სტუდენტები, რომლებსაც ასეთ თოჯინებზე ოპერირებენ, კარგად ერთობიან.

არადა ჭარხალი საკმაოდ based არის

"ზოგს ჭარხლის ჭამა უყვარს (არავინ იცის რატომ)". მე პირადად, არ ვიცი, რატომაა აღსანიშნავი ფაქტი, რომ ვიღაცებს ჭარხალი მოსწონთ. მეც ამ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები.

შესავალი აეროდინამიკაში

არ ვიცი, რატომ გახდა საჭირო ძროხის აეროდინამიკის სიმულირება ან ვინ დააფინანსა ეს კვლევა, თუმცა მაინც ნახეთ, იქნებ ეს ინფორმაცია გამოგადგეთ.

უთხარი არა ინფექციას!

ეს ფოტო იმუნოლოგიის ლექციაზე იყო გამოყენებული. უბრალოდ, უთხარით არა პათოგენებს, კანონით თქვენი ფიზიკური ხელყოფის უფლება არავის აქვს!

ჩიტები არ არსებობენ, მაგრამ ხელჩიტები... სხვა საქმეა

ილუსტრაცია ჩიტის ნისკარტის ფუნქციას ასახავს, რომელიც ადამიანის ხელის მსგავს ფუნქციებს ასრულებს, როგორიცაა რაღაცების აღება, გადაადგილება და ა.შ. თუმცა, დარწმუნებული ვარ ამის, სხვანაირად ილუსტრირებაც შეიძლებოდა.