როგორც ჩანს, დექსტერმა თავისი საქმეების ბოლომდე დასრულება ვერ მოახერხა და ეკრანებზე ახალი სისხლიანი იდეებით ბრუნდება.

ცნობილი კრიმინალური სერიალის მწარმოებელმა ტელეკომპანია Showtime-მა რამდენიმე საათის წინ დააანონსა, რომ გახმაურებულ სატელევიზიო შოუზე დექსტერი (Dexter) მუშაობას ანახლებს და სულ მალე ერთგულ ფანებს ახალი ისტორიის ხილვა შეეძლებათ.

CNN-ის ცნობით, ამ შოუს მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ სამყაროზე ახალ ათ ეპიზოდს გადაიღებენ, რომელთა პრემიერაც 2021 წელს შედგება.

რაც ყველაზე მთავარია, ახალი სერიების გადაღებაზე კვლავ სერიალის თავდაპირველი შემქმნელი, კლაიდ ფილიპსი იმუშავებს, მთავარ როლს კი ისევ მაიკლ ჰოლი შეასრულებს.

"დექსტერი განსაკუთრებული სერიალია როგორც მილიონობით ფანისთვის, ისე Showtime-სთვის, რადგან ის ჩვენს კომპანიას დაეხმარა სატელევიზიო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავა. ამის გამო ამ პროექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუბრუნდებოდით, თუ მართლა ახალ შესანიშნავ გზას ვიპოვიდით მის განსახორციელებლად და მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ კლაიდ ფილიპსმა და მაიკლ ჰოლმა ეს გზა გამონახეს", — განაცხადა Showtime-ის წარმომადგენელმა.

დექსტერი ეკრანებზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა და 2013 წელს მერვე სეზონით დასრულდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური სერიალია, რომელმაც სხვადასხვა დროს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მაიკლ ჰოლს ოქროს გლობუსიც გადაეცა კაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.