იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უვადო მოსამართლე ნინო ქადაგიძე აირჩიეს. ქადაგიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი, ნაზი ჯანეზაშვილი.

2020 წლის მარტში ნინო ქადაგიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი — ასეთი იყო პარლამენტში, კენჭისყრაზე მისი შედეგი.

ვინ არის ნინო ქადაგიძე

ნინო ქადაგიძე მოსამართლეების იმ 10-კაციან სიაში იყო, რომლის პარლამენტისთვის წარდგენას და განხილვას პროტესტი და საბოლოოდ ქართული ოცნების უმრავლესობის დაშლა მოჰყვა.

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 12 დეკემბერს კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

სწორედ ნინო ქადაგიძემ განიხილა სააპელაციოში, რამდენად კანონიერად გაანადგურა იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები.

ამ შინაარსის სარჩელით სასამართლოს ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა, რადგან საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. სამინისტრო უთითებდა, რომ აღნიშნულ აუდიო ჩაწერას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და გამოიყენებოდა მხოლოდ წერილობითი ოქმის შესადგენად. ნინო ქადაგიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გაიგეთ მეტი ქადაგიძეზე: