მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი ამბობს, რომ დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი შეიძლება თავის შეფასებებში ცდებოდეს, ამიტომაც არ შეიძლება ადამიანებისთვის სამშობლოს მოღალატის იარლიყის დაუსაბუთებლად მიკერება. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, უყვარს სამშობლო, უყვარს დავით გარეჯი. ხომ შეიძლება, თავის შეფასებებში ცდებოდეს მამა კირიონი, ხომ შეიძლება მის შეფასებებზე არ იყოს დამოკიდებული ამ ადამიანების ბედი? ამიტომ მივმართავ [ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას], გაუძლონ, ყველაფერი კარგად იქნება. სამართალი აუცილებლად იზეიმებს", — აღნიშნა მელქისედეკმა.

ეპისკოპოსმა გაიხსენა 2019 წელს დავით გარეჯში პრეზიდენტის ჩასვლა და მას შემდეგ ვითარების დაძაბვა გაიხსენა:

"მინდა ვკითხო მამა კირიონს. როდესაც ქალბატონმა პრეზიდენტმა ცნობილი განცხადება გააკეთა და მას შემდეგ დაიწყო აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქედზე ამოსვლა, რატომ მაშინ მის მეგობარ დღევანდელ თავდაცვის მინისტრს [ირაკლი ღარიბაშვილს] არ მიმართა, რომ რამე ემოქმედათ?".

გარდა ამისა, ეპისკოპოსი ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეზე სინოდმაც უნდა იმსჯელოს. მისი თქმით, მსგავს სენსიტიურ საკითხებზე სასულიერო პირებმა კომნეტარებისგან თავი უნდა შეიკავონ და საჭიროების შემთხვევაში განცხადება ეკლესიამ უნდა გააკეთოს.

"თუ სინოდი არ იმსჯელებს და საპატრიარქო ასე მიუშვებს სასულიერო პირების ნებისმიერ გამონათქვამს, შეიძლება მართლა გავეხვიოთ ომის ისეთ ქარ-ცეცხლში, აქეთ გადმოიტანოს რუსეთმა, მაგალითად, ომის პერიპეტიები", — აღნიშნა მეუფემ.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.

გაიგეთ მეტი:

რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საქმეზე დაკავებულების შესახებ სინოდის წევრებმა თითქმის არაფერი იციან. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქმეში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.