ნიდერლანდების მთავრობა გეგმავს, ევთანაზიის პროცედურა უკურნებელი სენით დაავადებული 1-დან 12 წლამდე ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

13 ოქტომბერს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰუგო დე იონგემ, განაცხადა, რომ მოსალოდნელი ცვლილებით არაერთ ბავშვს იხსნიან "უიმედო და აუტანელი ტანჯვისგან".

ამჟამად ნიდერლანდების სამეფოში ევთანაზია ლეგალურია 12 წლის ასაკს ზემოთ მყოფ პაციენტებში — ამ შემთხვევაში საჭიროა, როგორც პაციენტის, ასევე მშობლების თანხმობა. ევთანაზიის პროცედურის გაკეთება მშობლების თანხმობით ლეგალურია 1 წლამდე ბავშვებისთვისაც, თუმცა 1-დან 12 წლამდე ასაკის პაციენტებს ეს კანონი ამ დროისათვის არ ეხება.

საკითხი რამდენიმე თვის განმავლობაში მწვავედ განიხილებოდა ოთხპარტიიანი კოალიციით დაკომპლექტებულ მთავრობაში. დადებით გადაწყვეტილებას ოპოზიციიდან უპირისპირდებოდნენ კონსერვატიულ-ქრისტიანული პოლიტიკური ძალებიც.

თუმცა, მიუხედავად პოლემიკისა, მთავრობის დასტურის კვალდაკვალ, დე იონგემ განაცხადა, რომ ახალი რეგულაციის პრაქტიკაში დანერგვის გეგმას შეიმუშავებენ. ამასთან, იგი დასძენს, რომ ექსპერტების შენიშვნები ამ ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს.

"კვლევა აჩვენებს, რომ აქტიური ევთანაზიის პროცედურის პაციენტისთვის ჩატარებას ექიმებისა და იმ ბავშვების მშობლების დიდი ნაწილი ითხოვს, ვინც უკურნებელი სენითაა დაავადებული, უიმედოდ და აუტანლად იტანჯება და უახლოეს მომავალში გარდაიცვლება", — ამბობს დე იონგე პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე დასძენს, რომ პრაქტიკის დაშვების შემთხვევაში პროცედურით ყოველწლიურად ხუთიდან ათამდე პაციენტი ისარგებლებს. ამასთან, რეგულაცია არ მოითხოვს არსებულ კანონებში ცვლილების შეტანას, გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის დევნა აღარ დაიწყება ექიმზე, ვინც ევთანაზია 1-დან 12-წლამდე ასაკის პაციენტს გაუკეთა.

ფოტო: Rubberball / Getty

12 წელზე უფროსი პაციენტებისთვის ევთანაზიის ჩასატარებლად მშობლების თანხმობის მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება. ამასთან, აუცილებელია პაციენტს "აუტანელი და დაუსრულებელი ტანჯვის" გაძლება უწევდეს და ორმა ექიმმა მაინც დაადასტუროს პროცედურის ჩატარების საჭიროება.

კანონი, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებიდან ამოქმედდება.

ევთანაზია და თანამონაწილეობრივი სუიციდი ნიდერლანდებში 2002 წლიდანაა ლეგალური, მეზობელ ბელგიაში კი მოქალაქეებს ამის უფლება რამდენიმე თვის შემდეგ მიეცათ.

მკაცრად გაწერილი პირობების მიუხედავად, ბენილუქსის ეს ქვეყნები მსოფლიოს პირველი სახელმწიფოები გახდნენ, სადაც ევთანაზიის პრაქტიკა დაკანონდა.