ამერიკელი მამაკაცი კორონავირუსით ორჯერ დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ დაავადების მეორე ეპიზოდი მან უფრო მძიმედ გადაიტანა. კლინიკური შემთხვევა ჟურნალში Lancet Infectious Diseases გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა, ნევადაში მცხოვრებ 25 წლის ამერიკელ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები და იმუნოდეფიციტი არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, იგი კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფს არ განეკუთვნებოდა. მისი ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ფილტვებმა ორგანიზმის ჟანგბადით ჯეროვნად უზრუნველყოფა ვეღარ შეძლეს. პაციენტი ამჟამად გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსით რეინფიცირება ძალიან იშვიათია, თუმცა, აღნიშნული შემთხვევა ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

კლინიკური შემთხვევის ქრონოლოგია

  • 25 მარტი — პაციენტს აღენიშნა ყელის ტკივილი, ხველა, თავის ტკივილი, ზოგადი საერთო სისუსტე და დიარეა;
  • 18 აპრილი — პაციენტს პირველად დაუდასტურდა COVID-19;
  • 27 აპრილი — პირველადი სიმპტომები სრულიად გაქრა;
  • 9-26 მაისი — ორგზის ჩატარებულმა საკონტროლო ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა;
  • 28 მაისი — პაციენტს კორონავირუსით ინფიცირების ნიშნები კვლავ გამოუვლინდა. სახეზეა: ცხელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხველა, ზოგადი საერთო სისუსტე და დიარეა;
  • 5 ივნისი — პაციენტს COVID-19 მეორედ დაუდასტურდა. სისხლში ჟანგბადის გაჯერების დაბალი დონის გამო მას სუნთქვის უკმარისობა განუვითარდა.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პაციენტი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. ამის თქმის საფუძველს მათ პირველი და მეორე ეპიზოდის დროს აღებული ვირუსის გენეტიკური კოდის ანალიზი აძლევთ. მიღებული მონაცემები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამგვარად, იმაზე სპეკულაცია, რომ შესაძლოა ეს პირველი ინფექციის გართულება იყოს, არამართებულია.

"ჩვენი მიგნება მიანიშნებს, რომ წარსულში გადატანილი ინფექცია მომავალში დაინფიცირებისგან შეიძლება არ გვიცავდეს", — აღნიშნა მარკ პანდორიმ, ნევადის უნივერსიტეტიდან

რეინფიცირების ალბათობას COVID-19-ის მიმართ იმუნურობაზე ჩვენი წარმოდგენების შეცვლა შეუძლია

მარკ პანდორი, ნევადის უნივერსიტეტის მკვლევარი

პანდორიმ ასევე აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანებმა პრევენციული ღონისძიებები (სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება, ხელების საპნით ხშირი დაბანა) ჩვეულებრივ უნდა დაიცვან.

მეცნიერები კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის რაობაში უფრო დეტალურად გარკვევას დღემდე ცდილობენ. ამჟამად, მათ წინაშე შემდეგი საკვანძო კითხვები დგას:

  • ყველას შეუძლია თუ არა იმუნიტეტის გამომუშავება?
  • ეხება თუ არა ეს იმ ადამიანებს, რომელთაც დაავადების მსუბუქი ნიშნები აღენიშნებოდათ?
  • რამდენი ხნით ნარჩუნდება იმუნიტეტი?

ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იგი ვირუსთან თანაარსებობის შორეული პერსპექტივის შესაძლებლობას განსაზღვრავს. ამერიკელ ექიმთა ამ აღმოჩენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვაქცინების შექმნის პროცესსა და პოპულაციური იმუნიტეტის იდეის გადააზრებაზე.

ამჟამად მსოფლიოში ინფიცირების 37 მილიონ შემთხვევაზე მეტია აღწერილი და რეინფიცირება უკიდურესად იშვიათი მოვლენა გახლავთ. პირველი შემთხვევა ჰონგ-კონგში აღწერეს, რასაც მოჰყვა კლინიკური შემთხვევები ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან. თუმცა, ამ შემთხვევებში მეორე ინფექცია უფრო მსუბუქად წარიმართა. ეკუადორში აღწერილი ერთი კლინიკური შემთხვევა ამერიკულ ანალოგს ზუსტად იმეორებს. გამონაკლისი მხოლოდ ის გახლავთ, რომ იმ შემთხვევაში განმეორებით ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

მიუხედავად ყველაფრისა, პანდემია მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე იმყოფება. რაც ჩვენ სხვა ტიპის კორონავირუსებზე დაკვირვებით ვიცით, ის გახლავთ, რომ იმუნიტეტი დროთა განმავლობაში, შესაძლოა, გაქრეს.

ამჟამად, ქვეყნები პანდემიის მეორე ტალღაში იმყოფებიან, რის გამოც მოსალოდნელია, რომ ბევრ კითხვას ახლო მომავლაში უფრო ნათელი პასუხი გაეცეს.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ კორონავირუსის მეორე ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდა და ორგანიზმი დაავადებას უფრო ადვილად იმიტომ ებრძოდა, რომ მას ამის წარსული გამოცდილება უკვე გააჩნდა.

უცნობია, თუ რატომ გაუმწვავდა მეორე ინფექცია ნევადელ პაციენტს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მეორე ჯერზე მას დაავადების გამომწვევი ვირუსის დიდ დოზასთან ჰქონდა კავშირი. შესაძლოა, გართულების მიზეზი პირველად გადატანილი დაავადებაც იყოს. მსგავსი შემთხვევები კარგად არის აღწერილი დენგეს ცხელებისას: ორგანიზმის მიერ დენგეს ვირუსის ერთი შტამის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები, სხვა შტამით ინფიცირების შემთხვევაში, კლინიკურ სურათს უფრო ამძიმებენ.

აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლ ჰანტერი მიიჩნევს, რომ ეს კვლევა ძალიან საყურადღებო ორი მიზეზის გამოა: ინფიცირებებს შორის ძალიან მცირე ინტერვალი იყო და მეორე ინფექცია უფრო მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 37 მილიონზე მეტი ადამიანი კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა, დაავადების ძალიან ადრეული რეინფიცირება უფრო ხშირი რომ ყოფილიყო, ჩვენ აქამდე უფრო მეტი მსგავსი შემთხვევა გვექნებოდა. ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მიგნება იმუნიზაციის პროგრამაზე. თუმცა, აღნიშნული შემთხვევა კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ ჩვენ ამ ინფექციის მიმართ იმუნური პასუხზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით

პოლ ჰანტერი, აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის პროფესორი