რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ისინი სარკისებურად უპასუხებენ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ევროკავშირის სანქციებს. ამის შესახებ ლავროვმა რადიოსადგურებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"ჩვენ სარკისებურად ვპასუხობთ. დიახ, ეს დიპლომატიური პრაქტიკაა", — განაცხადა მან.

მისივე მტკიცებით, გერმანიას ოფიციალური მტკიცებულებები წარდგენილი კვლავ არ აქვს.

გერმანული გამოცემა DPA-ს წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერებმა სანქციები შეათანხმეს. სანქცირებულთა სიაში შემავალ პირებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ და აქტივები გაეყინებათ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სანქციების დაწესებაზე 12 ოქტომბერს იმსჯელეს. ნავალნის მოწამვლის დროს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო რუსეთის წინააღმდეგ ზომების გატარებას საფრანგეთი და გერმანია ითხოვენ.

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით, ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკა შარიტეში წაიყვანეს. გერმანელი ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. იგივე საფრანგეთისა და შვეიცარიის ლაბორატორიებმა დაადასტურეს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდართან კავშირი არ აქვთ, ნავალნის მოწამვლის ვერსიას უარყოფენ და გერმანიისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე: