მობილურების მაღაზია iStyle ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს iPhone-ის ბოლო მოდელს უფასოდ სთავაზობს, თუ საჩუქრის მიღების სურვილი თავად სასულიერო პირს ექნება:

"ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებით მზად ვართ მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro. ჩვენი კომპანია აფასებს მეუფეს მხრიდან ბრენდის პოპულარიზაციასა და მოწონებას. შესაბამისად, ვთვლით რომ უკეთესი ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება მეუფე ნიკოლოზს".

ეფლმა ახალი iPhone 12 გუშინ, 13 ოქტომბერს წარადგინა. iPhone 12 Pro-ს ოფიციალური ფასი $999-დან იწყება.

11 ოქტომბერს, მეუფე ნიკოლოზმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ "ბრალს დებენ", თითქოს ბოლო მოდელის iPhone ჰქონდა და მისი მტკიცებით, ეს სიცრუე იყო.

მისი თქმით, iPhone 11 Pro აქვს და ეს ბოლო მოდელი არ არის, რადგან iPhone 12 გამოვიდა. თუმცა, ეს მოდელი Apple-მა ოფიციალურად მისი განცხადებიდან 2 დღის შემდეგ გამოუშვა.

მიტროპოლიტის განმარტავდა, რომ ძვირადღირებული ტელეფონის ეს მოდელი იმიტომ ჰქონდა, რომ "კამერა იარაღია" და მას შეუძლია დაზუმვით გადაიღოს, რაც სურს.