სამშაბათს ფეისბუქმა განაცხადა, რომ ის აკრძალავს ყველა ტიპის რეკლამას, რომელიც ხალხს ვაქცინაციის ჩატარებაზე უარის თქმისკენ ღიად მოუწოდებს. როგორც Facebook-ის ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი - ქან სინ ძინი და პროექტების მენეჯმენტის მიმართულების დირექტორი - რობ ლეზერნი წერენ სპეციალურ ბლოგში, ეს აკრძალვა რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

განცხადების თანახმად, მათი მიზანია საზოგადოებისთვის ისეთი მესიჯების მიწოდება, რაც ეხება უსაფრთხოებასა და ვაქცინების ეფექტურობას. აკრძალვა კი ეხება ისეთ რეკლამებს, რომლებმაც შესაძლოა, ირიბად ავნოს საზოგადოების ჯანმრთელობას.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ნებადართულია ისეთი რეკლამები, რომლებიც ვაქცინების შესახებ მთავრობის პოლიტიკის, ან კანონმდებლობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

აღსანიშნავია, რომ კომპანია რეგულარულად განიხილავს თავის მიდგომას ისეთი რეკლამების მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივ საკითხებს ეხება და სამომავლოდ, შეიძლება გაამკაცროს, ან პირიქით, შეამსუბუქოს წესები ვაქცინებთან დაკავშირებულ რეკლამებზე.

სამშაბათის განცხადებამდე, ფეისბუქმა უკვე აკრძალა რეკლამები "ვაქცინების დეზინფორმაციის შესახებ", ისეთი წყაროებიდან, რომლებიც უკვე გამოვლენილია გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციების, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ.

ფეისბუქის CEO-მ და დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ის სიტყვის თავისუფლებას ემხრობა და არ სურს შეზღუდოს სოციალურ ქსელში ნებისმიერი სახის კონტენტი, გარდა მავნე შინაარსის მქონე ინფორმაციისა.

თუმცა, შეთქმულების თეორიების სპეციფიკის გულდასმით განხილვისა და ყალბი ამბებების გავრცელების საზიანო შედეგების გაანალიზების შემდეგ, ფეისბუქმა კიდევ უფრო გაამკაცრა პლატფორმაზე ინფორმაციის კონტროლი. გარდა ანტივაქსერული შინაარსის რეკლამის აკრძალვისა, ფეისბუქის გუნდმა ორშაბათს განაცხადა, რომ კრძალავენ იმ პოსტებს, რომლებიც უარყოფს ჰოლოკოსტს.

ინფორმაციის ტიპების აკრძალვასთან დაკავშირებული ცვლილებები დაიწყო 2 წლის წინ, ანუ მას შემდეგ, რაც მარკ ცუკერბერგმა კონგრესში კრიტიკის ქარ-ცეცხლი გამოიარა. გასულ კვირას, ფეისბუქმა განაცხადა, რომ ისინი აკრძალავენ ნებისმიერ გვერდს, ჯგუფს თუ ინსტაგრამის ექაუნთს, რომლებიც დაკავშირებული იქნება QAnon შეთქმულების თეორიასთან (თეორია, რომლის მიხედვითაც არსებობს სატანისტ პედოფილთა ჯგუფი, რომელიც ჩართულია ბავშვთა ტრეფიკინგის ბიზნესში და რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გეგმავს შეთქმულებას - ეს თეორია არც ერთ ნამდვილ ფაქტს არ ეფუძნება). ასევე, აღსანიშნავია, რომ აშშ-ს 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, აიკრძალება პოლიტიკური შინაარსის რეკლამები. ფეისბუქს დიდი ხანია აკრიტიკებენ პლატფორმაზე სიძულვილის ენის დაშვებისთვის, ამან კი კიდევ უფრო დააჩქარა კონკრეტული შინაარსის მატარებელი რეკლამების დაბლოკვის პოლიტიკა.