აშშ-ში, იუტაში, ბილიკზე მიმავალი მარტოხელა მოლაშქრე დედა პუმასა და მის ბოკვერებს გადაეყარა.

კაილ ბერჯესმა ვიდეოს გადაღება მაშინ დაიწყო, როცა ეგონა, რომ ფოცხვერის ნაშიერებს გადაეყარა, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა, რომ ისინი პუმას ბოკვერები იყვნენ და ზრდასრული მტაცებელი მას 6 წუთის განმავლობაში ნელ-ნელა მიყვებოდა.

ვიდეოში ბერჯესი ნელ-ნელა უახლოვდება პატარა კატებს, თუმცა შემდეგ უეცრად ბილიკზე მათი დედა გამორბის. ბერჯესი მისი დანახვისას ერთი-ორს იგინება და უკან დახევას იწყებს, პარალელურად კი დიდ კატას უყვირის და უღრიალებს იმის იმედით, რომ შეაშინებს.

"წადი! დიდი და საშიში ვარ!" — ამბობს ბერჯესი ვიდეოში უხამს პაუზებს შორის. "რა იყო, რა ხდება? აბა, ნელა და მშვიდად".

ვიდეოში 2:48-იდან ცხოველი განსაკუთრებით აგრესიული ხდება და ბერჯესისკენ მცირე შეხტომითი ბიძგებით იწევს.

"კარგი, ანუ ახლა ვკვდები ამის (ცენზურა)", — ამბობს ის. "კარგი რა, არ მინდა დღეს სიკვდილი".

მთელი ვიდეოს განმავლობაშ ბერჯესი ცხოველისკენ ზურგით არ ტრიალდება, პუმა კი მისკენ მიხტომასა და სისინს აგრძელებს. ბოლოს ბიჭი მტაცებელს ქვას ესვრის და ისიც გაიქცევა, ბერჯესი კი, როგორც იქნა, მშვიდად ამოისუნთქავს.

"ვაუ! ეს ახლა მართლა მოხდა", — ამბობს ბერჯესი კამერაში. "სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად მშვიდად ვარ. თუმცა, ჰო, იქ აღარ დავბრუნდები".

ბერჯესმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ მას არ გასჩენია გაქცევის სურვილი და სურდა, რომ პუმასთვის თვალი არ მოეშორებინა მთელი დროის განმავლობაში.

"ვიფიქრე, რომ უფრო ადრე რომ მომემოქმედებინა რამე, პუმა იფიქრებდა, რომ მისი ბოკვერებისთვის რაიმეს დაშავება მინდოდა და ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა", — თქვა მან.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე, სურდა თუ არა მას ძალის წარმოჩენა, ბერჯესმა უპასუხა:

"კი, რა თქმა უნდა! ერთ ხელში მობილური მეჭირა, მეორე კი რაც შეიძლება მაღლა ავწიე ჰაერში, რომ უფრო დიდი გამოვჩენილიყავი. ისე, მაინცდამაინც დიდი ადამიანი არ ვარ... ამიტომ ამ პუმას მყისიერად შეეძლო ჩემი მოკვლა".

იუტას ველური ბუნების რესურსების განყოფილებამ ეს ვიდეო თავის Facebook გვერდზე დაპოსტა გაფრთხილებით: "იუტა პუმებით სავსე ადგილია!"

პოსტში ასევე ეწერა რჩევები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით:

  1. შეჩერდით. პუმას არასდროს გაექცეთ და არასდროს მიუახლოვდეთ
  2. ცხოველთან მზერითი კონტაქტი შეინარჩუნეთ
  3. მაქსიმალურად გაიმართეთ
  4. არ ჩამოჯდეთ ან ჩაიკუზოთ
  5. შეეცადეთ, უფრო დიდი გამოჩნდეთ. საამისოდ ხელები აწიეთ/აქნიეთ ან თქვენი ქურთუკი დაიჭირეთ თავზემოთ
  6. ილაპარაკეთ მტკიცედ და ხმამაღლა, ნელა დაიხიეთ უკან და დატოვეთ არეალი
  7. ბავშვები ან შინაური ცხოველები თუ გყავთ, ხელში აიყვანეთ ან თქვენთან ძალიან ახლოს გყავდეთ
  8. თუ შემოგიტევთ, თქვენც იბრძოლეთ! დაიცავით თქვენი თავი და კისერი

პუმა იუტაში დაცული სახეობაა. ისინი, ჩვეულებრივ, უფრო მორიდებულები არიან.