ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის ახალგზარდულ ორგანიზაციასთან ერთად, თბილისში, ავლაბარში, მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

ბაქრაძის თქმით, მოსახლეობაში არის უიმედობისა და უპესეპექტივობის განცდა და ივანიშვილის თვითკმაყოფილი ხელისუფლება ქვეყანას ამ მძიმე ჭაობში დარჩენას სთავაზობს. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სწორედ 31 ოქტომბერი მოუტანს თითოეულ მოქალაქეს გარდამტეხ ცვლილებებს და მეტ კეთილდღეობას.

"ევროპული საქართველოს აქტიური კამპანია თბილისში გრძელდება და ყველგან ადამიანებს უნდათ და ჭირდებათ ცვლილებები. ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში, ხალხს აწუხებს უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და ყველა ელოდება 31 ოქტომბერს, როგორც ცვლილებების შესაძლებლობას.

ეს არის მთავარი, რასაც ევროპული საქართველო თავაზობს ჩვენს მოსახლეობას. გარდამტეხი ცვლილებები, ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ და მოუტანს ხალხს უკეთესობას. ეს განწყობაა თბილისშიც, რეგიონებშიც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განწყობა აისახება 31 ოქტომბრის საბოლოო შედეგებზე", — განაცხადა ბაქრაძემ.