ქუთაისში ლელოს წევრზე ძალადობისთვის პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", — აცხადებენ უწყებაში.

გუშინ, 13 ოქტომბერს ლელოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი შტაბის წევრს თავს დაესხნენ. მისი თქმით, დაზარალებულს თვალი აქვს დაზიანებული და ხელშია დაჭრილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.