ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია თავის ტელეგრამ არხზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სახალხო ულტიმატუმს უყენებს. TUT.BY-ს ცნობით, ის შემდეგი სამი მოთხოვნის შესრულებას მოითხოვს.

  • ლუკაშენკო თანამდებობიდან უნდა გადადგეს;
  • ქუჩებში დემონსტრანტებზე ძალადობა სრულად უნდა შეწყდეს;
  • ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უნდა გათავისუფლდეს.

მისივე თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუკი ლუკაშენკო პოსტს 25 ოქტომბრამდე არ დატოვებს, ბელარუსში საერთო-სახალხო გაფიცვა დაიწყება.

ტიხანოსვკაიას განცხადებით, ორი თვის წინ ხალხმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მერე კი ქუჩაში გამოვიდნენ, რათა თავიანთი ხმები დაეცვათ, ამისათვის კი ხელკეტები, ციხის საკნები და რეჟიმის ცინიზმი მიიღეს. ტიხანოვსკაიამ ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო ტერორი უწოდა და თქვა, რომ განვილი ძალადობისა და უკანონობის განმეორების შესაძლებლობას მოქმედ ხელისუფლებას აღარ მისცემენ.

საპროტესტო აქციების პარალელურად ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები კვლავ გრძელდება. აქციებზე აკავებენ ათეულობით ადამიანს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებენ.

9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოსახლეობა არ აღიარებს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაიაც არ ეთანხმება, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ.