საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ხელვაჩაურის მერისმ ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ონლაინგამოცემა ბათუმელების ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე და მიიჩნევს, რომ მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. მათი თქმით, პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო.

"აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა", — ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტია, ასევე, მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის.

გამოცემა ბათუმელებმა დღეს ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმელების ჟურნალისტს აგინებს.

გამოცემის ცნობით, ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როცა ბათუმელების ჟურნალისტი ხელვაჩაურის მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის მიმართა.

მათივე ცნობით, ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის, ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

მედიის ინფორმაციით, კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ჟურნალისტის შენიშვნის შემდეგ, რომ მას, როგორც არჩეულ მერს, არ აქვს უფლება, მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

On.ge დაუკავშირდა ჯუმბერ ვარდმანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჩანაწერი არ მოუსმენია და არაფერი იცის.

"არ მახსოვს, არ ვიცი, არ მომისმენია", — გვიპასუხა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მან, ასევე, დაამატა, რომ როცა მოისმენდა და გადაამოწმებდა, იმ ჩანაწერში ნამდვილად მისი ხმა იყო თუ არა, პირველად On.ge-ს აცნობებდა პასუხს. ჩვენს კითხვაზე, თუ როდის მოიცლიდა რამდენიმეწამიანი ჩანაწერის მოსასმენად, გვიპასუხა, რომ დაკავებული იყო და ზუსტად არ იცოდა.