ეს კითხვა ფსიქოლოგებს წლების განმავლობაში აწუხებდათ — ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი წყვილი ნელ-ნელა ემსგავსება თუ არა ერთმანეთს?

ადრეული თეორიები ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გაჩნდა და ფსიქოლოგიის კურსების ნაწილად იქცა, თუმცა ათწლეულების შემდეგაც კი ეს მოსაზრება სამეცნიერო კვლევით დადასტურებული ან უარყოფილი არაა.

ამჯერად კი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა საქმეში თანამედროვე ტექნოლოგიები ჩარიეს. მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა ათასობით წყვილის საჯარო ფოტოები გააანალიზეს, მათი თქმით, ფენომენის არსს მიხვდნენ.

"ადამიანებს ამ თეორიის სჯერათ და ცხადია, ჩვენც დავინტერესდით", — ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პინ პინ ტი-მაკორნი, — "თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ თუკი ადამიანების სახე დროის განმავლობაში იცვლება, შეგვიძლია, გამოვიკვლიოთ რის მიხედვით ხდება ეს ცვლილებები".

ტი-მაკორნი მის სტენფორდელ კოლეგასთან, მიქალ კოსინსკისთან, ერთად მუშაობდა, რათა გუგლიდან, გაზეთების არქივიდან და გენეალოგიის ვებგვერდებიდან წყვილების ისეთი ფოტოები მოეძიებინა, რომელთა ნაწილი ქორწინების დასაწყისში, მეორე ნაწილი კი წლების შემდეგ იქნებოდა გადაღებული. ამგვარად მათ მონაცემთა ბაზებიდან 517 წყვილის ფოტო მოიპოვეს, რომელთა უმეტესობაც 20-დან 69 წლამდე შუალედით არის გადაღებული.

იმის დასადგენად, ემსგავსება თუ არა წყვილის სახეები ერთმანეთს დროის განმავლობაში, მკვლევრებმა მოხალისეებს აჩვენეს "საცდელი" ადამიანის ფოტო ექვსი სხვა პიროვნების სურათთან ერთად, რომელთაგან ერთი საცდელის პარტნიორი იყო, დანარჩენები კი — შემთხვევით შერჩეული სახეები. ამის შემდეგ მოხალისეებს სთხოვეს, ექვსი სახე იმის მიხედვით დაელაგებინათ, რომელი უფრო ჰგავდა საცდელ ადამიანს. მოგვიანებით, იგივე დავალება შეასრულებინეს სახის ამომცნობ უახლეს კომპიუტერულ პროგრამას.

ამგვარი კვლევა 1987 წელს ჩაატარა მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, რობერტ ზაიენცმა, რომელმაც ცდისთვის მხოლოდ რამდენიმე ათეული წყვილის ფოტოები გამოიყენა. ზაიენცმა დაასკვნა, რომ წყვილების სახეები ქორწინების შემდეგ ერთმანეთს ემსგავსებოდა და ეს მოვლენა მით უფრო თვალშისაცემი იყო, რაც მეტად ბედნიერად გრძნობდნენ პარტნიორები ერთად ცხოვრებისას თავს.

ფსიქოლოგები ამ ფენომენს იმით ხსნიდნენ, რომ ერთნაირი ცხოვრების სტილი, მსგავს აქტივობებში გატარებული დრო და ერთდროულად სიცილი (რაც თვალებთან ეგრეთ წოდებული სიცილის ნაოჭების გაჩენას იწვევს), წყვილის გარეგნობაზე აისახებოდა.

ამისდა მიუხედავად, ტი-მაკორნისა და კოსინსკის Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშის მიხედვით, მათ ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს იმის დასადასტურებლად, რომ წყვილი დროთა განმავლობაში უფრო მეტად ემსგავსება ერთმანეთს, თუმცა ურთიერთობის დაწყებისას ისინი უფრო მეტად ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე შემთხვევით შერჩეული ადამიანების წყვილები.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ცნობილი ადამიანების წყვილები, როგორებიც ბენედიქტ კამბერბეჩი და სოფი ჰანტერი ან ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი არიან, დროის გასვლასთან ერთად ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად არ დაემსგავსებიან, თუმცა მათ პარტნიორი, სავარაუდოდ, იმის მიხედვით აირჩიეს, რამდენი საერთო გარეგნული ნიშანი აკავშირებდათ ერთმანეთთან. ტი-მაკორნი ამბობს, რომ ადამიანები, შესაძლოა, საკუთარი გარეგნობის მსგავსი შესახედაობის პარტნიორებს ეძებენ, ისევე, როგორც ისინი ცდილობენ, ცხოვრება იდენტური ღირებულებებისა და პიროვნულობის მქონე ადამიანს დაუკავშირონ.

ბრაზილიელი მოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ქმართან, სპორტსმენ ტომ ბრედისთან, ერთად.

ფოტო: Sean Zanni / Patrick McMullan via Getty Images

კვლევის ანგარიშში ასევე აღნიშნულია წინამორბედ კვლევებთან დაბრუნებისა და მათი სისწორის შემოწმების მნიშვნელობა.

"ამ სფეროში ინფორმაციის მუდმივი განახლება აუცილებელია", — ამბობს კოსინსკი, — "სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ მუდმივად წნეხის ქვეშ ხარ, შეიმუშავო ახალი და შოკისმომგვრელი თეორიები. მხოლოდ ასე შეიძლება, რომ შენი კვლევა დაიბეჭდოს, დაგიქირავონ და საარსებო გქონდეს. ამის შედეგად უამრავი კონცეფცია თუ თეორია იქმნება, რომელიც არასწორადაა გააზრებული ან შეფასებული — გადამატებულად".

ამასთან, კოსინსკი ტი-მაკორნს პროექტში მონაწილეობის მიღების გამო აქებს, რადგან როგორც ის აცხადებს, არაერთი მეცნიერი თავს არიდებს მათი კოლეგების ნაშრომებში არსებული ნაკლოვანებების გამოაშკარავებას.

"ამ სფეროს უსარგებლო ხარახურისგან გაწმენდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დღეს, თუმცა დარწმუნებული ვარ [ტი-მაკორნი] ისეთივე აღიარებას არ დაიმსახურებს გაწეული შრომისთვის, როგორსაც იგი ახალი და განმაცვიფრებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიიღებდა", — დასძენს კოსინსკი.

მეცნიერების მომდევნო პროექტი იმის გამოკვლევას უკავშირდება, რამდენადაა შესაძლებელი ადამიანის სახელის გამოცნობა მისი გარეგნობიდან გამომდინარე, თუმცა, როგორც კოსინსკი აღნიშნავს, ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილები.