ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ტურიზმი საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს, დაახლოებით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება.

"ტურიზმის სექტორიდან დანაკლისი მთლიანად აისახება 2020 წელზე. შესაბამისად, ბაზის ეფექტიდან გამომდინარე, ვინაიდან წელს ტურიზმის დანაკლისი უკვე არის ქვეყანაში, ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლუსებს გვაძლევს ეკონომიკურ ზრდაში, ანუ ტურიზმი, საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით, 5%-იანი ზრდა გვექნება", — განაცხადა კაკაურიძემ საპარლამენტო ფრაქციების: ევროპული საქართველო, ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის და ევროპული საქართველო — რეგიონების სხდომაზე სერგი კაპანაძის საპასუხოდ, რომელმაც მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდა არარეალისტურად მიიჩნია.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წლიდან ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენის შემდეგ, შესაძლებელია, ქვეყანამ მიაღწიოს 7%-იან ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს რისკები, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები.