ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს პარტია მხარს არ უჭერს.

დეპუტატის თქმით, ეს ბიუჯეტი, როგორც წინა წლებში, ახლაც არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი.

"დღეს მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, სადაც არანაირი ცვლილება არ ხდება. დღევანდელი ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა წლებში, არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გააგრძელებს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც არ ამცირებს სამთავრობო ხარჯებს, გააგრძელებს მთავრობის კარგ პირობებში ცხოვრებას და გამოსავალს არ აძლევს მოსახლეობას, რომელიც ჩავარდნილა უკიდურეს ეკონომიკურ პრობლემაში. ამიტომ, ეს არის მდიდარი მთავრობის და ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი", — ამბობს ბაქრაძე.

მისივე თქმით, ევროპული საქართველო ბიუჯეტს მხარს არ უჭერს, თუმცა განხილვაში მონაწილეობა მიიღეს, რადგან მოსახლეობისთვის ეჩვენებათ, "როგორ ზრუნავს ქართული ოცნება არჩევნების წინ საკუთარ თავზე, საკუთარ კომფორტზე, საკუთარ ძალაუფლებაზე და არჩევნების წინაც კი შემოტანილი ბიუჯეტი არ ასახავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას".

ბიუჯეტის პროექტი დღეს ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების სხდომებზე განიხილეს.