ევროკავშირის ქვეყნები შეხვედრაზე განიხილავენ, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო, დაუწესონ თუ არა რუსეთს სანქციები. საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში საფრანგეთისა და გერმანიის წინადადებაზე მსჯელობენ

როგორც The Washington Post წერს, საფრანგეთი და გერმანია ითხოვს, რომ მოწამვლაში მონაწილე პირებს ევროპაში გადაადგილება აეკრძალოთ და აქტივები გაეყინოთ. ორივე ქვეყანა აცხადებდა, რომ არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთმა არ წარადგინა დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რა მოხდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის თქმით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დასკვნით დგინდება, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების კონვენცია დაირღვა, რაც არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.

ამასთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავიტომ აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსკოვი დაარწმუნონ, საქმის ფარგლებში ითანამშრომლოს.

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით, ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკა შარიტეში წაიყვანეს. გერმანელი ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. იგივე საფრანგეთისა და შვეიცარიის ლაბორატორიებმა დაადასტურეს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდართან კავშირი არ აქვთ, ნავალნის მოწამვლის ვერსიას უარყოფენ და გერმანიისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე: